პეტრო პოროშენკომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა [ვიდეო]

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოქმედმა ლიდერმა და პირველმა ლედიმ მომხრეებს აივნიდან მიესალმნენ.

„ძვირფასო უკრაინელებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ახლა ბანკოვაიაზე მოვიდა. უკრაინელები სხვადასხვანაირად აცილებდნენ პრეზიდენტებს: 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, 2014 წელს ღირსების რევოლუციის დროს, თუმცა ის, რაც ახლა ხდება, უკრაინას ჯერ არ უნახავს. ეს თქვენი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ჩერჩილმა თქვა, რომ გამარჯვება – ეს არის გზა დამარცხებიდან დამარცხებამდე. ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გამარჯვებიდან დამარცხების გავლით ახალ გამარჯვებამდე მივალთ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს განცხადებით, ის თავის მხარდამჭერებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, ხოლო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ ბანკოვაიაზე დაბრუნდება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული.

„მე გულწრფელად შეძრული ვარ, თუ რამდენი ადამიანი მოვიდა ბანკოვაიას ქუჩაზე. თქვენმა გულებმა, მხარდაჭერის სიტყვებმა და შთაგონებულმა გულებმა გამათბო და გამაძლიერა“, – მოგვიანებით დაწერა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, პეტრო პოროშენკომ 21 აპრილს, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი თქმით, თავის გუნდთან ერთად დარჩება პოლიტიკაში, როგორც ძლიერი ოპოზიცია.