ვოლოდიმირ ზელენსკი – ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბარში დავადასტურე, რომ ლიბიაში რუსულ გემზე ჩატარებული ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარ კოორდინირებული არ ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან საუბარში აღნიშნა, რომ ლიბიაში განხორციელებული ოპერაცია პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში იუწყება, საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებზეც ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივად მუშაობენ და ამ კონტაქტის დროს, მან დაუდასტურა მელონის, რომ რუსულ ხომალდზე თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული არ ყოფილა.
„განვიხილეთ საკითხები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეს ერთმანეთის. მე დავადასტურე, რომ ლიბიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩატარდა“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 23 ნოემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის პორტ ბენღაზიში უკრაინული სამხედრო დრონების საშუალებით ჩაძირეს რუსული ხომალდი, რომლის ბორტზეც განთავსებული იყო ასევე ვერტმფრენი „კა-27“ და სატვირთო გემი, რომლითაც რუსეთს შეიარაღება გადაჰქონდა. ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ლიბიაში რუსული სამხედრო გემის ჩაძირვისას განხორციელებული თავდასხმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ომის გავრცელების საფრთხეს ქმნის, რაც მიუღებელია. მელონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს.