„სიენენი“ – ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს და ზელენსკის მოსკოვში ჩაყვანას სთავაზობს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„იმის თქმა, რომ [უკრაინის] მიწები უძველესი დროიდან რუსული იყო… უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, რუსული მიწები ოდესღაც მონღოლ-თათრული იყო. გახსოვთ? მაშასადამე, ამ ლოგიკით, მთელი რუსეთი ვის უნდა გადაეცეს – მონღოლეთს?“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თავად პუტინსაც კარგად ესმის ამ არგუმენტის უსაფუძვლობა, ამასთან, ლუკაშენკომ მას „გამჭრიახი და ჭკვიანი პოლიტიკოსი“ უწოდა.
მიუხედავად ამ განცხადებისა, ინტერვიუში ლუკაშენკომ კვლავ დაიცვა რუსეთის პოზიცია, შეაქო პუტინთან თავისი მეგობრობა და როგორც „სიენენი“ წერს, კვლავ გაიმეორა „რუსული პროპაგანდის ყალბი ნარატივი, თითქოს ომი უკრაინამ რუსი ხალხის ხოცვითა და დაწვით დაიწყო“. ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა პუტინთან თავის უშუალო ურთიერთობაზე და ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და დასავლელი ლიდერების დამოკიდებულებას შეადარა.
„მე და პუტინს შეგვიძლია, ერთად ვიხუმროთ და ერთმანეთს სახელებით, არაფორმალურად მივმართავთ. ის სრულიად უშუალოა… ტრამპს მსგავს რამეს ვერასდროს ეტყოდით. ვაშინგტონში, მაგიდის გარშემო თუთიყუშებივით ისხედით, გეშინოდათ მისთვის რამის თქმა… ბოდიში ამ გამოთქმისთვის. ის ამბობდა ყველაფერს, რაც სურდა, დამცინავი ტონითაც კი. ჩვენ შორის ეს უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში პუტინთან შესახვედრად პირადად გაჰყვეს.
„შემიძლია მასთან ერთად ჩავჯდე თვითმფრინავში და მოსკოვში გავფრინდე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტი“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს ეს ინიციატივა უარყო და მას არასერიოზული უწოდა.
„ჩვენ ომში ვართ, არ შეგვიძლია, შევხვდეთ მოსკოვში, არ შეგვიძლია, შევხვდეთ კიევში. ეს ყველას შესანიშნავად გვესმის. როდესაც ვინმე ასეთ რამეს ამბობს, ეს უბრალოდ არასერიოზული საუბარია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სამშვიდობო პერსპექტივებზე საუბრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი საბოლოოდ მთელ დონბასს დაიკავებს, თუმცა ეჭვქვეშ დააყენა კრემლის ზოგიერთი მაქსიმალისტური მოთხოვნა, მათ შორის ნატო-ს საზღვრების 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნება. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებები მოლაპარაკებების საწყისი ეტაპის ნაწილია, სადაც ორივე მხარე მაქსიმალური პირობებით იწყებს ვაჭრობას.