ვლადიმირ ზელენსკი ​სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან მილოცვებს იღებს
ვლადიმირ ზელენსკი ​სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან მილოცვებს იღებს

ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან მილოცვებს იღებს. ცნობილი ხდება, რომ ვლადიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ეგზიტპოლების მიხედვით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ტელეფონით ესაუბრა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელმაც ზელენსკის გამარჯვება მოულოცა და პოლონეთში დაპატიჟა.

ვლადიმირ ზელენსკის მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა ავსტრიის კანცლერმა. სებასტიან კურცის გაცხადებით, ავსტრია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია და დაინტერესებულია უკრაინასთან თანამშრომლობით. ავსტრიის კანცლერმა ზელენსკის რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ვლადიმირ ზელენსკიმ მილოცვები მიიღო ბრიტანეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრისგან.

ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.

ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა უკრაინაში აშშ-ის საელჩომ. აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

​ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკია. ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.