პეტრო პოროშენკო ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
პეტრო პოროშენკო ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ახლა ვურეკავ ჩემს ოპონენტს, რომ მივულოცო გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„ისე მოვიქცევი, როგორც ევროპულ, ცივილიზებულ საზოგადოებას შეეფერება. პატივს ვცემ უკრაინელების უმეტესობის გადაწყვეტილებას. მივდივარ პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არ მივდივარ პოლიტიკიდან. გავაგრძელებ უკრაინისთვის ბრძოლას“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 18:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მსახიობმა და შოუმენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 73,2%-ით გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მხარი ამომრჩევლის 25.3%-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტურამდე არაერთი გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ბოლო კვლევა კომპანია „რეიტინგმა“ წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ ზელენსკის გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერდა მხარს, პეტრო პოროშენკოს კი 19 პროცენტი. გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული 19 პროცენტს, 10 პროცენტი არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებდა.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.

ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13 000 ამომრჩეველი, ცდომილება კი ორი პროცენტია.