ბიორნდალენს პიონჩანგში ბელარუსის სახელით გამოსვლის შანსი ჰქონდა
ბიორნდალენს პიონჩანგში ბელარუსის სახელით გამოსვლის შანსი ჰქონდა

ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლე-ეინარ ბიორნდალენმა განაცხადა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, 2018 წლის ოლიმპიადაზე ბელარუსის ნაკრების შემადგენლობით გამგზავრებულიყო. ამასთან, ლეგენდამ აღნიშნა, რომ მისთვის რთული იქნებოდა სტარტზე სხვა ქვეყნის ფორმით გასვლა.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ნორვეგიელი ზამთრის თამაშებზე თავისი ქვეყნის ნაკრებში ვერ მოხვდა, თუმცა პიონჩანგის ოლიმპიადაზე მაინც გაემგზავრა, როგორც ბელარუსის ნაკრების წარმომადგენელი. ბიორნდალენის მეუღლეა ბელარუსი ბიატლონისტი დარია დომრაჩევა.

„თეორიულად, შემეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ვუპასუხე, მადლობა, მაგრამ არა. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილება იყო. ბევრი ფიქრი დამჭირდა, რადგან კარგ ფორმაში ვიყავი და ცდუნება დიდი იყო.

დიახ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მზად იყო, ჩემთვის ბელარუსის სახელით გამოსვლის უფლება მოეცა, მაგრამ მე ნორვეგიელი ვარ. ჩემთვის რთული იქნებოდა სტადიონზე ბელარუსის ნაკრების ფორმით გასვლა. არ მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო“, – განაცხადა ბიორნდალენმა.