ბიძინა კულუმბეგოვი - „ომიკრონ“ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს, რაც სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დაცვის ერთადერთი საშუალება პირბადე და ვაქცინაციაა
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.
მისივე თქმით, ამ ახალი ვარიანტის შემთხვევაშიც, ვირუსისგან დაცვის საშუალება ისევ და ისევ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.
„კორონავირუსის ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები და, პრაქტიკულად, დაინფიცირების რისკს ვერ გადაურჩება ვერც ერთი ადამიანი. ამას ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ. ამისგან დაცვის საშუალება არის პირბადე, ან პირს გადატანილი უნდა ჰქონდეს ვირუსი, ან ვაქცინირებული დახვდეს. სხვა შემაკავებელი ღონისძიებები მსოფლიოს არ აქვს. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოწყვლადია. ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობით ქვეყანა პირველ ხუთეულშია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები აუცილებელ რეკომენდაციებს თუ არ დაიცავენ და ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს გადასცდეს.
„წინასწარი ეპიდემიოლოგიური და სერაპრევალენტობის კვლევების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 50 %-ზე მეტი ინფექციის მიმართ მოწყვლადები არიან. ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე, რაც სერიოზული საფრთხის წინაშე გვაყენებს, რადგან თუ დღეს ჩვენ გვაქვს 3 000-დან 5 000-მდე შემთხვევა, „ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში, იქნება ექსპონაციური ზრდა. შესაძლოა, ჩვენთან ოფიციალურად გამოვლენილმა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბოს, რაც იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის და სრული კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს. ამის რისკი არსებობს. მოსახლეობის ნახევარი არის მიმღები ამ ინფექციის მიმართ, ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ვაქცინა, ანუ ხელოვნურად შეიძინონ იმუნიტეტი. ეს გვაყენებს სერიოზული რისკის წინაშე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და „ომიკრონის“ გავრცელების რისკებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მან კორონავირუსის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის ეფექტურობაზეც ისაუბრა.
„როცა ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული და მეორე დოზის გაკეთებიდან ორ კვირაში მიიღწევა იმუნური პასუხი, ბუსტერული დოზა შედარებით სწრაფად მოქმედებს. იმუნოლოგიურად, როდესაც შეხსენების დოზას დაიმატებს ადამიანი, დაახლოებით ერთ კვირაში უკვე არის სრულფასოვანი პასუხი აინტისხეულებისა და უჯრედული იმუნიტეტისა. ამიტომ ვისაც ეკუთვნის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიმატონ ბუსტერული დოზა. რისკის წინაშე, რომელიც არა თუ ტალღის, არამედ შესაძლოა, ცუნამივით მოევლინოს ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი მექანიზმია, პირბადე და ვაქცინაციაა. მეტი მექანიზმი უბრალოდ მსოფლიოს არ აქვს.
ჩვენ არ გავქვს კარგი პერსპექტივა. მილიონ-ნხევარი ადამიანი, რომლის იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებელი ხვდება, ანუ არც ვაქცინა არ უნდა და არც გადატანილი აქვს, ამ ადამიანების ერთი პროცენტი, დაახლოებით 14-15 000 ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, ის მოსახლეობის 99 პროცენტს შეხვდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.