ბიძინა კულუმბეგოვი - არ მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა ყოფილიყო, ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება
ბიძინა კულუმბეგოვი - არ მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა ყოფილიყო, ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება

არა მგონია, ვაქცინის დაყოვნებაში საქართველოს ბრალეულობა რამე ყოფილიყო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამას უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენ და კონსპირაციულ თეორიებს ვერ შევყვები, რომ აპლიკაცია ვერ შეავსეს. ვიცი რა, იმ ადამიანების კვალიფიკაცია, ვინც ამ აპლიკაციებს ავსებს, ეს სრულიად წარმოუდგენელია. მინიმალური პროტოკოლის დამტკიცებისასაც კი, ასე ვთქვათ, მინისტრის მოადგილიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული, ყველა ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამ განცხადებით ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იყო რეალურად, „ფაიზერის“ ვაქცინის დაყოვნების მიზეზი.

მისი თქმით, ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია, ქვეყნების რიგითობა არ არსებობს და შესაბამისად, ის ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება.  

„ჩვენ ვაკმაყოფილებდით კრიტერიუმებს, მაგრამ ვაქცინა ყველგან ერთბაშად ვერ გაიგზავნება და ესეც უნდა გვესმოდეს. „კოვაქსი“ ჩვენ მოგვცემს ვაქცინებს, მაგრამ მთავარია, იქნება თუ არა განხორციელებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რისთვისაც დიდი რაოდენობით ვაქცინაა საჭირო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ვაქცინების მოსაპოვებლად პროაქტიური მოქმედებებია საჭირო და შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ ეს გამჭვირვალე ინფორმაცია საზოგადოებამდე უნდა მოდიოდეს.

„შესაძლებელია, მათ არაფერი არ დააკლეს და იგივე ზაფხულიდან მოყოლებული მუშაობდნენ უშუალოდ მწარმოებლებთან. რჩება შთაბეჭდილება, რომ მარტო იმას ველოდებოდით, „კოვაქსი“ როდის რას მოგვცემდა და საერთოდ არ გვქონდა კომუნიკაცია „ფაიზერთან“, „მოდერნასთან“, ან იმ კომპანიებთან, რომლებიც ჩანდა, რომ ძალიან სერიოზულ მეცნიერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ვაქცინებს ქმნიდნენ და ისინი იმ ქვეყნებში იქმნებოდა, სადაც მათ აღიარებას პრობლემა არ შეექმნებოდა. რასაკვირველია, კვლევის ფაზაში გარკვეული რისკი იყო, რადგან ჩვენ არ ვიცით, ბოლო, ფინალურ ეტაპზე მიაღწევს თუ არა ვაქცინა. შესაძლოა, ამ მწარმოებლებთან კომუნიკაცია იყო, მაგრამ უნდა გაასაჯაროონ და ჩვენ გვითხრან ამის შესახებ, რომ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ტიპის და რესურსის მქონე ქვეყნისთვის ეს შეუძლებელი იყო“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა ასევე აღნიშნა, რომ „კოვაქსის“ ყველა დანაპირები წუთი-წუთზე რომ შესრულდეს, საქართველოს არ ექნება ვაქცინების 80%, რაც ეროვნული გეგმის შესასრულებლად გვჭირდება და ამიტომ, „კოვაქსზე“ ამდენი აქცენტის გაკეთება სწორი არ არის.