ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოგენურად ძალიან უსაფრთხო ვაქცინებად ითვლება
ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოგენურად ძალიან უსაფრთხო ვაქცინებად ითვლება

სიმართლეს არ შეესაბამება მსგავსი ტიპის ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინები ჩვენ ორგანიზმში დიდხანს დარჩება და ეს იქნება დაუსრულებელი კასკადის პოტენციური ჩართვის, ანუ მოქოქვის მიზეზი, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ვაქცინაში მოთავსებული მატარებლების უტილიზაცია სულ რამდენიმე დღეში ხდება და შემდგომ უკვე, იმუნური სისტემა მყარად იმუშავებს ანტისხეულებს, მახსოვრობის B და T ლიმფოციტებს, რომლებიც მეორე დოზით კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოგენურად, ძალიან უსაფრთხო ვაქცინებად ითვლება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მცირდება თუ არა ინფიცირების რისკი პირველი აცრის შემდეგ და რამდენი პროცენტით ზრდის ვირუსის მიმართ იმუნიტეტის მდგრადობას მეორე აცრა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები სხვადასხვა ვაქცინას განსხვავებული აქვს.

ასტრაზენეკას“ ვაქცინის იმუნოგენობის, ანუ იმუნიტეტის ინდუქციის უნარი იმდენად ძლიერია, რომ „ოქსფორდ ასტრაზენეკასვაქცინისათვის მეორე დოზის შეთავაზება საჭირო არ გახდა სამ და ოთხ კვირაში. კვლევებმა ჩვენა, რომ პირველ და მეორე დოზას შორის რაც უფრო დიდი მანძილია, ყველაზე უკეთესია იმუნური სისტემის ფორმირება და ეს არის რვა-თორმეტი კვირა. რაც შეეხება მეორე დოზას, რომელიც ამ რვა-თორმეტ კვირაში განმეორდება, იმუნოგენურობა დაბალია. იმიტომ, რომ ორგანიზმი უკვე ტოლერანტულია, ანტისხეულების დიდი ტიტრია და არა მარტო უჯრედული იმუნური სხვა სეგმენტების. შესაბამისად, ადამიანები მეორე დოზას ძალიან მსუბუქად იტანენ. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა, გაიკეთოს „ფაიზერის“ ვაქცინა, მაგრამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ასე ვთქვათ, დისკრედიტაციას მე ვერ დავუშვებ, როგორც ერთი ადამიანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არის აუცილებელი, კოვიდის გადატანიდან აცრამდე 120 დღე გავიდეს, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, იმუნოლოგ-ალერგოლოგმა განაცხადა, რომ თუ კოვიდის მწვავე ფაზა უკვე დამთავრებულია, ვაქცინაციისთვის არავითარი წინაღობა არ არსებობს.

„კონსპირაციული თეორიის მიმდევარი ინტელექტუალები ავითარებენ თეორიას, რაც არის იმუნოლოგიური თეორია – ანტისხეულებზე დაფუძნებული იმუნური სისტემის გაძლიერება. ვთქვათ, მე უკვე ვარ იმუნური და მაქვს ანტისხეულები, ჩემ ორგანიზმში თუ ანტიგენი შემოვა, შეიძლება, მან ორგანიზმში ისეთი იმუნოლოგიური მექანიზმები დაძრას, რომ იმუნური სისტემა სულ სხვა მხრივ გადახაროს, მაგრამ პრეკლინიკური პირველი და მეორე ფაზის კვლევები იმიტომ ტარდება, რომ ეს შეისწავლეს და ანტისხეულებით გაძლიერებული იმუნური პასუხი არც ერთ თანამედროვე კოვიდვაქცინას არ უფიქსირდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.