საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წეროვანში ჩავიდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ივანიშვილი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.
დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
შსს-ს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.
არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.
ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.