გიორგი ტატუნაშვილი - ოკუპირებული ცხინვალი ჩემი შვილის ცხედრის გადმოსვენებას აჭიანურებს, რადგან ნაწამებია
ყველა უწყება მუშაობას, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა, – ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი ტატუნაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის გამოსვენება ჭიანურდება, რადგან ის ნაწამებია და ამის გახმაურება არ სურთ.
„ყველა უწყება მუშაობას, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა. იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, ყველა უწყება ჩართულია, რომ დროულად მოხდეს გადმოსვენება. აჭიანურებენ, რადგან ნაწამებია, ნატანჯია და ამის გახმაურება არ უნდათ, არ გაიგოს ყველამ, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი. ხელბორკილები დაადეს ისე წაიყვანეს სავარაუდოდ დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა, ფიზიკურად ძლიერი იყო, არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს დაველოდები კიდევ, თუ არა და არც ერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის ამ ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.