ბიძინა ივანიშვილი - ბანკებს მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, მაგრამ სირცხვილია, როცა მოსახლეობა შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის
ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, ჭარბვალიანობასა და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ჭარბვალიანობის პრობლემას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან ხშირად ახსენებდა.
„ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისვე თქმით, ამ ვითარების ფონზე, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ რენტაბელობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე არიან. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
„ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყოც შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის, ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებადი. კარგია პირველი, თითქოს, საამაყოა, რომ ჩვენ რენტაბელური ბანკები გვაქვს და კარგი მოგება აქვთ. რა თქმა უნდა, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მას მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზაობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობის პრობლემები.