„ბიბისი“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი თანამშრომლების მიერ კონგოში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო ბოდიშს იხდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი თანამშრომლების მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამო ბოდიშს იხდის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ისინი შეძრწუნებული არიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მათი თანამშრომლების ქცევის გამო.
როგორც მედია წერს, გამოძებამ დაადასტურა, რომ „2018-2020 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომლები კონგოში მცხოვრებ ქალებს ალკოჰოლით აბრუებდნენ და სექსუალურ კავშირს აიძულებდნენ“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს გებრეიესუსის თქმით, ეს „უპატიებელი“ ქმედებაა.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაქირავებულმა ადამიანებამა გააკეთეს. მათ თქვენს დაცვაზე უნდა ეზრუნათ. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი 83 პირიდან 21 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. საუბარია როგორც ადგილობრივებზე, ისე უცხოელებზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოთხ ადამიანთან კონტრაქტი უკვე გაწყვიტეს და დამატებით ზომებსაც მიიღებენ.
გამოძიება მას შემდეგ ჩატარდა, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა 50 ქალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალადობაში დაადანაშაულა.