„ბიბისი“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისურ პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს
„ბიბისი“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისურ პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს

„ცეკვა კამათის თანხლებით“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“ ფილმთან – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებით თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფილმის პრემიერამ თბილისში დემონსტრაციები გამოიწვია.

სტატიაში ფილმის რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუა ჩართული, რომელშიც ლევან აკინი ამბობს, რომ მას კონსერვატორულ საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების ჩვენება სურდა. ამასთან, რეჟისორის თქმით, მას უნდოდა გადმოეცა იმედი ახალი თაობის სახით და ამაში ხელოვნების როლი.

„ბიბისი“ სტატიაში აღნიშნავს, რომ ფილმმა რამდენიმე ჯილდო უკვე დაიმსახურა. მათ შორის არის ჩიკაგოს ფილმის საერთაშორისო ფესტივალი, სარაევოს ფილმის ფესტივალი. ამასთან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება კანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე შედგა. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ფილმის წარმატების მიუხედავად, მორწმუნეებისა და კონსერვატორი ჯგუფებისთვის ის დავის საგანი გახდა, რამაც საბოლოო ჯამში, დემონსტრაციები გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ რეჟისორმა ფილმთან დაკავშირებული მღელვარება უკვე დაგმო. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ფილმს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს ქართულმა ლგბტქ ჯგუფებმაც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ფილმთან დაკავშირებით დებატები არ ჩერდება ქართულ სოციალურ მედიაშიც. „ბიბისი“ იუწყება, რომ ნაციონალისტების ჯგუფები მოქალაქეებს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

სტატიის დასასრულს „ბიბისი“ იუწყება, რომ ფილმთან დაკავშირებით პროტესტი საქართველოში სიახლე არ არის და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც თბილისში 2006 წელს რონ ჰოვარდის ფილმ „და ვინჩის კოდის“ ჩვენების დროს მოწყობილი დემონსტრაციაა ასახული.