„ბიბისი“ - საქართველოს ნაკრები, რომელიც შოტლანდიაში დღემდე შიშს იწვევს, ახლა უკეთესი გუნდია #1TVSPORT
„ბიბისი“ - საქართველოს ნაკრები, რომელიც შოტლანდიაში დღემდე შიშს იწვევს, ახლა უკეთესი გუნდია #1TVSPORT

„ბიბისიმ“ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მოახლოებულ შეხვედრაზე წერილი გამოაქვეყნა და ამ გუნდების დაპირისპირებებიდან საინტერესო ფაქტები გაიხსენა.

მტკივნეული შოტლანდიური მოგონებები

„საქართველოს ხსენება შოტლანდიაში დღესაც შიშს იწვევს – ეს ის ნაკრებია, რომელმაც შოტლანდიას საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ახლა ისინი ალბათ უკეთესებიც არიან, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში. ასევეა შოტლანდიაც და ეს იქნება დამაინტრიგებელი ბრძოლა გლაზგოში, რადგან მასპინძლები პირველად შეეცდებიან საკვალიფიკაციო კამპანიის დაწყებას ზედიზედ ოთხი გამარჯვებით.

ქართველები კარგ ფორმაში არიან. ბოლო 15 მატჩში გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, A ჯგუფის მეორე ტურში კი კვიპროსს 2:1 სძლია – ქართველებს სურთ, შესარჩევი ეტაპის ბოლოს ჯგუფის ორ საუკეთესოში მოხვდნენ. „ჰემპდენ-პარკზე“ გამარჯვებით ისინი შოტლანდიელებთან ჩამორჩენას ორი ქულამდე შეამცირებენ.

კავკასიელებმა შოტლანდია ევრო 2008-ისა და ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფებში დაამარცხეს. ორივე მარცხი თბილისში განიცდევინეს და ორივე ერთნაირად გულსატკენი იყო. შოტლანდიელებმა პირველად საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2007 წელს ჩააგდეს და 2:0 დამარცხდნენ. არადა, მაშინ შოტლანდიელებმა საფრანგეთს ორივე მატჩი (შინ და გასვლაზე) მოუგეს. მაშინდელი გულისტკივილი დღემდე ახსოვთ. 17 წლის მოზარდებით (ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე) საქართველოს ნაკრებმა დაამსხვრია ალექს მაკლეიშის გუნდის ოცნება, ეთამაშა ავსტრია-შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

ქართველებმა 2015 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შოტლანდია უკვე გორდონ სტრაჩანის ხელმძღვანელობით დაამარცხეს 1:0. ორივე ამ შესარჩევში შოტლანდიელებმა საშინაო მატჩები „ჰემპდენ პარკზე“ და „აიბროქსზე“ მოიგეს, მაგრამ ორივეჯერ ეს რთული მატჩები გამოდგა.

ნორვეგიის მსგავსად, საქართველოსაც ჰყავს სუპერვარსკვლავი – „ნაპოლის“ გასაოცარი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია. 22 წლის ფეხბურთელმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიის ახლად დასრულებულ ჩემპიონატში, რომ ლეგენდარული დიეგო მარადონას მიბაძვით „კვარადონა“ შეარქვეს. ეს ნიშნავს, რომ ნეაპოლში ქართველი ძალიან შეუყვარდათ.

ყველა შეჯიბრებაში კვარაცხელია „ნაპოლის“ 31 გოლში მონაწილეობდა და გუნდი ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ის შოტლანდიელებისთვის აშკარა საშიშროებაა. მას გატანა თითქმის ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. მისი გოლი მარტში „ატალანტასთან“ კი განსაცვიფრებელი იყო.

კვარაცხელიას ღირებულება ახლა ათჯერ აღემატება ათ მილიონ ევროს, რაც „ნაპოლიმ“ გასულ წელს ბათუმის „დინამოს“ გარიგებაში გადაუხადა. ქართველის მომავალი შთამბეჭდავად გამოიყურება. მას ნაკრებში მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ვილი სანიოლი წვრთნის, რომელსაც კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს.

„მესტალიაზე“ გატარებული მეორე სეზონის შემდეგ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 22 წლის მეკარემ კარი „მშრალად“ შეინახა მაისში, როდესაც მისმა გუნდმა მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შეტევაშია საფრანგეთში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე, რომლმაც სეზონში გატანილი 23 გოლით და რვა საგოლე გადაცემით „მეცი“ ლიგა 1-ში გადაიყვანა. ახლა მან თავი კვიპროსელებთანაც გამოიჩინა.

ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ბოლო დროს ზოგიერთები „აბერდინთან“ აკავშირებენ, კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც იმედოვნებს, რომ კარიერაში დიდი პერსპექტივა აქვს. ის ბრატისლავას „სლოვანს“ სლოვაკეთის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ჩაკვეტაძე ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორია – ეს 2018 წელს ყაზახეთთან, 19 წლისამ მოახერხა.

2007 წელს თბილისში წაგების შემდეგ, თავდამსხმელმა კენი მილერმა თქვა: „ცუდი შედეგი ძალიან დაგვიანებით ვაჩვენეთ“. ახლა შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელები შეეცდებიან, წარმატებული სერია გააგრძელონ და გამარჯვებით ევრო 2024-ს ნახევარ ნაბიჯში მიუახლოვდნენ. შესაძლოა, ამით მოახერხონ და წარსულის უსიამოვნო აჩრდილები განდევნონ“, – წერს bbc-ი.