„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის „100 გავლენიანი და შთამაგონებელი ქალის“ სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა
„ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის „100 გავლენიანი და შთამაგონებელი ქალის“ სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „ბიბისიმ“ 2023 წლის „100 გავლენიანი და შთამაგონებელი ქალის“ სია გამოაქვეყნა.

სიაში ქართველი ჟურნალისტი თამარ მუსერიძეც მოხვდა.

„ტელევიზიის თანამშრომელი თამარ მუსერიძე ცნობილი იყო საქართთველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში 18 წლიდან მუშაობით, თუმცა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მან ყველაფერი მიატოვა, რათა ეპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები და ამ ძებნის დროს იპოვა საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვთა გაშვილების მასშტაბური შავი ბაზრის არსებობის მტკიცებულება. „ფეისბუქში“ მან შექმნა ჯგუფი „ვეძებ“, რამაც ბიძგი მისცა ეროვნულ დისკუსიას უკანონო გაშვილების საკითხზე, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამშობიაროებიდან გაშვილებულ ჩვილებს. მუსერიძის ორგანიზაცია დაეხმარა ათობით ოჯახს გაერთიანებაში, თუმცა ის ამ დრომდე ეძებს საკუთარს“, – აღნიშნავს „ბიბისი“.

„ბიბისის“ მიერ შერჩეულ „100 გავლენიან და შთამაგონებელ ქალს“ შორის არიან ასევე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ადამიანის უფლებადამცველი ადვოკატი ამალ ქლუნი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი აიტანა ბონმატი, ხელოვნური ინტელექტის ქსპერტი ტიმნიტ გებრუ, ამერიკელი მსახიობი ამერიკა ფერერა და სხვები.