„ბიბისიმ“ ფლაგმანი გადაცემების წამყვანებისთვის სოციალურ ქსელებში ქცევის წესები განაახლა
„ბიბისიმ“ ფლაგმანი გადაცემების წამყვანებისთვის სოციალურ ქსელებში ქცევის წესები განაახლა

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისიმ“ ფლაგმანი გადაცემების წამყვანებისთვის სოციალურ ქსელებში ქცევის წესები განაახლა.

ახალი ანგარიში ცნობილ სპორტსმენსა და წამყვანთან, გარი ლინეკერთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მომზადდა.

ახალი წესებით, მაღალპროფილურ წამყვანებს შეუძლიათ, გამოხატონ სხვადასხვა საკითხთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით შეხედულებები, თუმცა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური კამპანიის წარმოებისგან. აღნიშნული წესები არ ვრცელდება საინფორმაციო და მიმდინარე ამბების გადაცემების წამყვანებზე, რომლებსაც ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვან „ბიბისის“ მიუკერძოებლობა კორპორაციაში მათი პროფილის გათვალისწინებით. „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილებაში მომუშავე პირებზე ვრცელდება სოციალური მედიის გამოყენების დროს მიუკერძოებლობის დაცვის უფრო მკაცრი წესები.

ახალ ანგარიშში ფლაგმან პროგრამებს შორის დასახელებულია გადაცემა Match of the Day („დღის მატჩი“), რომლის წამყვანი გარი ლინეკერია, ასევე Apprentice („შეგირდი“), რომელიც ბრიტანელ ბიზნესმენ ალან შუგარს მიჰყავს. სხვა გადაცემებს შორისაა Antiques Roadshow, Dragons’ Den, The One Show,  მასშტაბური სპორტული ღონისძიებები, Masterchef, Top Gear, Strictly Come Dancing, ასევე სხვადასხვა რადიოპროგრამები.  გადაცემების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება.

ახალი წესები აღიარებს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, თუმცა ადგენს, რომ გადაცემის მსვლელობის დროს, ასევე გადაცემამდე და გადაცემის შემდგომ ორი კვირის პერიოდში, ფლაგმანი გადაცემების წამყვანებმა არ უნდა გამოუცხადონ მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან თავს დაესხან მას; არ უნდა გააკრიტიკონ ბრიტანელი პოლიტიკოსები და არ გააკეთონ კომენტარები პოლიტიკური დებატების საკითხებზე საარჩევნო პერიოდში, ასევე არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე რაიმე როლი წინასაარჩევნო ჯგუფში.

სახელმძღვანელო წესების დარღვევამ, შესაძლოა, დასაქმებულების მიმართ დისციპლინური ზომები გამოიწვიოს, მათ შორის სერიოზულ გარემოებებში დასაქმების კონტრაქტის შეწყვეტა.

თუმცა, როგორც თავად „ბიბისი“ აღნიშნავს, ამ წესებმა, შესაძლოა, სხვა პრობლემა შექმნას იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვასა და პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვას შორის.

მიმდინარე წლის მარტში „ბიბისიმ“ ბრიტანეთის მთავრობის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოსტის გამო, სპორტული გადაცემის წამყვანი გარი ლინეკერი გადაცემას დროებით ჩამოაშორა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

კერძოდ, ლინეკერმა უკანონო მიგრაციის შესახებ კანონპროექტს უწოდა „წარმოუდგენლად სასტიკი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ყველაზე დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ და არაფრით განსხვავდება გერმანიის მიერ 30-იან წლებში გამოყენებული ენისგან“. აღნიშნული განცხადების გამო ლინეკერი მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ამასთან, გარი ლინეკერი მაუწყებლის განახლებულ წესებს სოციალურ ქსელ X-ში უკვე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა და მათ გონივრული უწოდა.