„ბიბისიმ“ ბრიტანეთის მთავრობის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოსტის გამო სპორტული გადაცემის წამყვანი გარი ლინეკერი გადაცემას დროებით ჩამოაშორა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა
„ბიბისიმ“ ბრიტანეთის მთავრობის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოსტის გამო სპორტული გადაცემის წამყვანი გარი ლინეკერი გადაცემას დროებით ჩამოაშორა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

ბრიტანეთის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისი“ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მთავრობის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო სპორტული გადაცემის წამყვანი გადაცემას ჩამოაშორა.

საუბარია ყოფილ ფეხბურთელზე და გადაცემა Match of the Day-ის („დღის მატჩი“) წამყვან გარი ლინეკერზე. ამჟამად მისი მხარდამჭერები „ბიბისი“ ბოიკოტს უცხადებენ და უარს ამბობენ მედიაკორპორაციის პროგრამებში მონაწილეობაზე.

გასულ კვირას ყოფილმა ფეხბურთელმა და ცნობილმა კომენტატორმა გარი ლინეკერმა ლა მანშის სრუტის გავლით ქვეყანაში ჩასული მიგრანტების მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა 30-იანი წლების გერმანიის რიტორიკას შეადარა.

კერძოდ, ლინეკერმა უკანონო მიგრაციის შესახებ კანონპროექტს უწოდა „წარმოუდგენლად სასტიკი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ყველაზე დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ და არაფრით განსხვავდება გერმანიის მიერ 30-იან წლებში გამოყენებული ენისგან“.

აღნიშნული განცხადების გამო ლინეკერი მაუწყებლის მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით ჩამოაშოროს ის პოპულარულ ყოველკვირეულ გადაცემას.

„ბიბისიმ“ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში ლინეკერის ბოლო აქტივობას ქცევის წესების დარღვევად აფასებს და აღნიშნავს, რომ წამყვანი უნდა მოერიდოს პარტიულ პოლიტიკურ საკითხებს ან პოლიტიკურ დავებს.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, გარის არ უნდა გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ მან თავი უნდა შეიკავოს ამა თუ იმ პოზიციის დაკავებისგან ისეთ საკითხებში, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ან რეზონანსულ პლიტიკურ დავებს ეხება“, – აღნიშნულია „ბიბისის“ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, შაბათს გადაცემა Match of the Day შემოკლებული ფორმატით, წამყვანის გარეშე გავიდა ეთერში, მისი ხანგრძლივობა 20 წუთს შეადგენდა, ასევე გაუქმდა სხვა საფეხბურთო ტრანსლაციები და გადაცემები მას შემდეგ, რაც წამყვანებმა და კომენტატორებმა გარის სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ ბოდიში მოუხადა გადასახადების გადამხდელებს სპორტული პროგრამების ტრანსლირების შეჩერებისთვის. დეივიმ აღიარა, რომ ეს კორპორაციისთვის რთული დღე იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მაუწყებელი აქტიურად მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად. „ბიბისის“ ხელმძღვანელი ასევე უარყოფს მთავრობის მხრიდან ზეწოლას.

„წარმატება ჩემთვის არის გარის დაბრუნება ეთერში და მაყურებლისთვის მსოფლიო კლასის სპორტის გაშუქების ერთად შეთავაზება, რომლის უზრუნველყოფაც ჩვენ, როგორც ვთქვი, ვწუხვარ, რომ ვერ შევძელით დღეს“, – განაცხადა დეივიმ.