„ბიბისი“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს
„ბიბისი“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, – აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია წერს, ორშაბათს დილით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართეს ბრიუსელში მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე კვირას ღამით გამართულ მოლაპარაკებებში კომპრომისი არ იქნა მიღწეული.

„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის შემოღებას, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, უნგრეთი აფერხებს.

გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს განუცხადა, რომ არ სურს, ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ. ამასთან, როგორც მედია წერს, უნგრეთის მთავრობამ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მის ეკონომიკაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდებას შეადარა. მედია ასევე წერს, რომ ბუდაპეშტი ბრიუსელისგან კომპენსაციას ითხოვს იმ ზარალისთვის, რომელსაც რუსული ნავთობის ყიდვაზე უარის თქმა გამოიწვევს.