„ევროსტატი“ - ევროპაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ გახდა
„ევროსტატი“ - ევროპაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ გახდა

ევროპაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროსტატი“ ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში მიერ იმპორტირებული ნავთობის 18 პროცენტი ამერიკული იყო. აღსანიშნავია, რომ შარშან აშშ-ის წილი 13 პროცენტი იყო.

რუსეთის წილი, რომელიც ამ დრომდე ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, შარშან იანვარში დაფიქსირებული 31 პროცენტიდან ოთხ პროცენტამდე შემცირდა. შავი ოქროს მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა. მისი წილი 17 პროცენტს შეადგენს.

„2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები გახდნენ აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი. ამით ევროკავშირმა აჩვენა, რომ შეუძლია, ადაპტაცია მოახდინოს ნავთობის ბაზარზე შეცვლილ სიტუაციასთან და პრაქტიკულად გათავისუფლდეს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან“, – ნათქვამია „ევროსტატის“ განცხადებაში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირში მიწოდების კუთხით ლიდერია ნორვეგია, მეორე ადგილზეა აშშ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსეთიდან ენერგორესურესების იმპორტი.