ბესიკ ლილუაშვილი - შალვა ნათელაშვილის შემთხვევა არ არის პირველი ან უკანასკნელი ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მხრიდან, ამას ბოლო უნდა მოეღოს
შალვა ნათელაშვილის შემთხვევა არ არის პირველი ან უკანასკნელი ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მხრიდან, ამას ბოლო უნდა მოეღოს, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ბესიკ ლილუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ამბობს, რომ სჯობს, შალვა ნათელაშვილი თავის გამოთქმებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„მინდა, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის რეპლიკას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისადმი და ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება მედიის წარმომადგენლების მიმართ სრულიად დაუშვებელია.
სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ არც პირველი და არც უკანასკნელი ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მხრიდან და ამას ბოლო უნდა მოეღოს.
ასეთ დამოკიდებულებას აჯობებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ გამოსვლებსა და სიტყვებს და არგუმენტების არქონისას ჟურნალისტების შეურაცხყოფას მოეშვან.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების ხელფასებს, მინდა, ვურჩიო ბატონ შალვას მარტივად ნახოს ეს ინფორმაცია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნუ შეეცდება ტყუილით საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას”, – აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი „აიპრესთან“ საუბარში.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, 2017 წელს გიგი უგულავას ფულის მჭამელს უწოდებდა და როდის შეიცვალა პოზიცია, განაცხადა: „გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი“.
ამასთან, შალვა ნათელაშვილმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის გამო საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „საკმაო პრემიებს გამოგიწერენ“.