შალვა ნათელაშვილმა გიგი უგულავაზე კითხვის გამო საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა - საკმაო პრემიებს გამოგიწერენ [ვიდეო]

საკმაო პრემიებს გამოგიწერენ, – ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს.

ჟურნალისტმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს კითხვა დაუსვა, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავასთან დაკავშირებით 2017 წელს შალვა ნათელაშვილის პოზიციას, კერძოდ,„ლეიბორისტთა“ ლიდერის განცხადებას, რომ „გიგი უგულავა იყო ოპოზიციის დამრბევი და დიდი ფული შეჭამა, რაც მისი სისხლის სამართლის საქმეში კარგად ჩანს“.

კითხვას შალვა ნათელაშვილმა ასე უპასუხა: „გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ თუ იქნება სხვანაირად, შეფასებაც იქნება სხვანაირი“.

ამ კითხვაზე პასუხის შემდეგ კი, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს ასე მიმართა: „საკმარის პრემიებს გამოგიწერენ თქვენს ტელევიზიებს. ღმერთმა მეტი მოგცეთ. სახელმწიფო დაფინანსებაზე ხომ არის პირველი არხი. თქვენ გეკუთვნით უფრო მეტი ხელფასი და პრემია, ვიდრე გაქვთ. თქვენი ბორდი 20-20 ათასლარიან ხელფასს რომ იღებს, არ იმსახურებს, თქვენ იმსახურებთ მაღალ ხელფასს, ჟურნალისტები. კითხვის პასუხი ყოველთვის უნდა იყოს კეთილი სურვილი, ბოროტისგან ღმერთმა დაგვიფაროს. თქვენ ძალიან ჭკვიანი ჟურნალისტი ბრძანდებით“.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის 2017 წლის განცხადებას გიგი უგულავაზე, ამის შესახებ ნათელაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა. აღნიშნული განცხადების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.