მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად პირველ ეტაპზე საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად პირველ ეტაპზე საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოცდა ყველაზე სანდო მექანიზმია, რითაც მასწავლებელი თავის კვალიფიკაციას ადასტურებს.
„მაგალითად, ლადო აფხაზავა პრაქტიკოსი მასწავლებელია, მაგრამ თავის საქმიანობით მენტორ მასწავლებელს არაფრით ჩამოუვარდება, ამიტომ ლადოსა და ლადოსნაირ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, მენტორის გამოცდაც კი ჩააბარონ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი დონის გამოცდა იქნება, რაშიც არ ვგულისხმობთ კომპიუტერთან ან ფურცელზე გამოცდის ჩაბარებას. საბუნებისმეტყველო საგნებში ეს შეიძლება ლაბორატორიაში ჩატარდეს, რომელსაც ჩვენი ცენტრისა და საგნის ექსპერტები დაესწრებიან. ჩვენ გვინდა, რომ ეს გამოცდა გამოცდისთვის არ იყოს, არამედ მეტი საშუალება მოგვეცეს, მასწავლებლის კვალიფიკაცია დავადგინოთ“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, რეფორმის კიდევ ერთი მიზანი რაც შეიძლება მეტი ახალი კადრის მოზიდვაა.
„ჩვენ უნდა გავამარტივოთ და ამავდროულად ეფექტური გავხადოთ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მიზიდვის საქმე. შესაძლებელია გვყავდეს ადამიანი, რომელიც ძალიან კარგი ფიზიკოსია, დაამთავრა ფიზიკის ფაკულტეტი და დიპლომში ფიზიკის მასწავლებელი არ უწერია, მაგრამ ჩვენ მას რომ ხელოვნური ბარიერები შევუქმნათ, რომ სკოლაში დაგვიანებით შევიდეს, სწორი არ იქნება. განსაკუთრებით როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში სკოლებში კადრების დეფიციტი გვაქვს“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ყველა წარმატებულ პედაგოგს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, თავისი ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით ნებისმიერი სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებს, წლების განმავლობაში ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა არ უნდა სჭირდებოდეს.
„სისტემამ ნებისმიერ პედაგოგს შესაძლებლობა უნდა მისცეს, ნებისმიერ დონეზე შეეძლოს გამოცდის ჩაბარება. როგორი უნდა იყოს გამოხდა, რას უნდა აკმაყოფილებდეს და რისგან უნდა შედგებოდეს, ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით და ბევრჯერ ვისაუბრებთ. გამოცდა უნდა შეესაბამებოდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რასაც რეფორმების ფარგლებში ვაყენებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.