ბერიკა შუკაკიძე - ახლა გამოჩნდა, სახელმწიფო დაფინანსება რამდენად გამართლებულია
ბერიკა შუკაკიძე - ახლა გამოჩნდა, სახელმწიფო დაფინანსება რამდენად გამართლებულია

„გუნდებს სახელმწიფო დაფინასება რომ შეუნარჩუნეს, ძალიან კარგი სიახლეა. ახლა, როგორც არასოდეს, ისე გამოჩნდა ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობა და სახელმწიფო დაფინასება რამდენად აუცილებელი და საჭიროა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საჩხერეს „ჩიხურას“ დირექტორატის წევრი ბერიკა შუკაკიძე.

ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელების დღევანდელი ვიდეოკონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა გაგრძელდება. „ჩიხურას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„სახელმწიფო დაფინანსება მოგვცცემს საშუალებას, რომ კლუბებმა არსებობა გავაგრძელოთ და ფეხბურთელებმა მინიმალური ხელფასები მაინც მიიღონ. ევროპაში შემოსავლები გააჩნიათ ტელეკონტრაქტებით, ტრანსფერებით, სპონსორებიდან, ბილეთების გაყიდვითნ. ჩვენი კლუბების უმრავლესობისთვის კი შემოსავლის ეს წყაროები უცხოა, ძირითადათ, საბაზისო დაფინანსებაზე ვართ დამოკიდებულები“ – აცხადებს შუკაკიძე.

საჩხერელთა დირექტორატის წევრის თქმით, ევროპული კლუბების ასოციაციის წევრ ქართულ გუნდებს პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის მოადგილე დაუკავშირდა:

„არსებული ვითარების გამო, ბევრი ევროპული კლუბი ლიკვიდაციაზე ფიქრობს. ანიელის მოადგილე დაგვიკავშირდა და დაინტერესდა, როგორ შეუძლია ასოციაციას ჩვენი დახმარება. ჩვენ წინადადებებს შევიმუშავებთ და წარვუდგეთ“.