ბერძნული საფეხბურთო კლუბის სკანდალში გახვეული პრეზიდენტი საქართველოშია დაბადებული
ბერძნული საფეხბურთო კლუბის სკანდალში გახვეული პრეზიდენტი საქართველოშია დაბადებული

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მომხდარი სკანდალური ისტორიის მთავარი გმირი, ​პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდი საქართველოშია დაბადებული.​

სალონიკის პაოკ-ისა და ათენის აეკ-ის დაპირისპირების დროს, მასპინძლებმა გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანეს, თუმცა მთავარმა არბიტრმა გოლი გააუქმა. ამან პაოკ-ის პრეზიდენტი განარისხა და მედიის მტკიცებით, მოედანზე იარაღით შეიჭრა და გოლის არჩათვლის შემთხვევაში, მსაჯებს მოკვლით დაემუქრა.

როგორც მედიაში წერენ, სამსაჯო ბრიგადამ გასახდელს თავი მხოლოდ სპეცრაზმის დახმარებით შეაფარა, მატჩი კი ჩაიშალა. მომხდარის გამო საბერძნეთის ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ხოლო ფიფა საბერძნეთს მოკვეთით დაემუქრა.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, ივან სავიდმა ბოდიში მოიხადა.

„ძალიან ვწუხვარ. არ მქონდა უფლება, მოედანზე ამ ფორმით შევჭრილიყავი“, – განაცხადა სავიდმა.

პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდი საბერძნეთში მხოლოდ ბოლო წლებია ცხოვრობს – ის 1959 წლის 27 მარტს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ სანთაში დაიბადა.

სავიდი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია. „ედინაია როსიას“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო კამპანიაში კი ნებაყოფლობით ოთხი მილიონი დოლარი დახარჯა.

სავიდი ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა, რომელმაც მისი ბერძენი წინაპრები შეიფარა და, როგორც პიროვნება, საქართველოში ჩამოყალიბდა. მისი მეუღლე, კირიაკი სავიდი, სოხუმელი ბერძენია. მათ ჰყავთ ორი ვაჟი – გეორგისი და ნიკოსი.

15 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. ჰყავდა ქართველი ბებია და ქართული ენაც კარგად იცის. სავიდი 15 წლის იყო, მისი ოჯახი როსტოვში რომ გადასახლდა. არის ”აგროკომის” დამფუძნებელი, რომელშიც შედის ”დონსკი ტაბაკი” და როსტოვის საერთაშორისო აეროპორტი. 2003 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს.

2000-2004 წლებში სავიდი საფეხბურთო კლუბ ”როსტოვის” პრეზიდენტი გახდა, 2006-2008 წლებში კი როსტოვის სკა-ს პატრონობდა. სავიდმა პაოკ-ის აქციების საკონტროლო პაკეტი 2010 წელს 10 მილიონ ევროდ 2012 წლის ზაფხულში იყიდა. საინტერესოა, რომ პაოკ-ი თურქეთიდან დევნილმა პონტოელმა ბერძნებმა დააფუძნეს.

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ სავიდის დაკავების ორდერი გასცა. თავად პაოკ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ მოიბოდიშა. თუმცა ამტკიცებს, რომ მსაჯს არ ემუქრებოდა და რომ იარაღის გამოყენება აზრადაც არ ჰქონია.