„ლოკომოტივმა“ კვირკველია პაოკ-შიც არ გაუშვა
„ლოკომოტივმა“ კვირკველია პაოკ-შიც არ გაუშვა

მოსკოვის „ლოკომოტივი“ საბა კვირკველიას არც თამაშის საშუალებას აძლევდა და არც კლუბში უშვებდა. გამოცემა „სპორტ24“-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ლოკომოტივის“ მცველს კლუბმა წლეულს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ჩაუშალა.

„მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელს, საბა კვირკველიას ზაფხულში ბერძნულ კლუბში, სალონიკის პაოკ-ში გადასვლა შეეძლო, მაგრამ კლუბები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და შედეგად, ქართველი ფეხბურთელი ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გაუშვეს“, – წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სალონიკის პაოკ-ში წელს ზაფხულში ქართველი მოთამაშე ჩაირიცხა – „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ნიკა ნინუა.

28 წლის ქართველი მცველი „ლოკომოტივში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში იჯარით პირველად გადავიდა. ამ სეზონში მცველმა რუსეთის პრემიერლიგის 4 მატჩი ჩაატარა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საბა კვირკველიას ევროპაში წასვლა რომ დაუბლოკა. 2017 წლის ნოემბერში ცნობილმა იტალიელმა ბლოგერმა, სტეფანო კონფორტიმ „ტვიტერზე“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მცველს ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მათ შორის, ინგლისშიც – „კრისტალ პალასი“, „ვესტ ბრომვიჩი“ და „ვესტ ჰემი“. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობდა.

კლუბმა კვირკველიას შესახებ კონკრეტული შემოთავაზება 2018 წელს „ლესტერისგან“ მიიღო – ინგლისელები 17 მილიონს ევროს იხდიდნენ, მაგრამ რუსულმა კლუბმა ეს ტრანსფერიც ჩაშალა. ამ ყველაფრის შემდეგ მოსკოველებმა ქართველი მცველი სკამზე დასვეს, წელს კი რიგით კლუბში, ვოლგოგრადის „როტორში“ გაუშვეს.

დატოვე კომენტარი