„დინამო თბილისმა“ „პაოკის“ ქართველი თავდამსხმელი დაიმატა - ვასილიოს გორდეზიანი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „პაოკის“ ქართველი თავდამსხმელი დაიმატა - ვასილიოს გორდეზიანი სამშობლოში დაბრუნდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ სალონიკის „პაოკს“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, საბერძნეთში გაზრდილი ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერთან დაკავშირებით „დინამო თბილისსა“ და სალონიკის „პაოკს“ შორის შეთანხმება შედგა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა. ვასილიოს გორდეზიანი დინამო თბილისს 21-წლამდე ნაკრების შეკრების დასრულებისთანავე შეუერთდება“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

ვასილიოს გორდეზიანი პაოკის აკადემიის აღზრდილია, ბერძნული კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა, მთავარ გუნდში კი ორჯერ ითამაშა. გორდეზიანი ბოლოს „პაოკი B“-ში ასპარეზობდა, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. საერთო ჯამში ახალგაზრდა ცენტრალურ თავდამსხმელმა ამ გუნდში 45 მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე კი 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება გორდეზიანის სანაკრებო კარიერას, მას საქართველოს 21-წლამდე გუნდში სამი შეხვედრა აქვს გამართული და თავი ერთი გოლით გამოიჩინა. ის ისტორიულ სამშობლოში პირველად ითამაშებს.