ბერდია სიჭინავა - ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიის რიგებიდან, ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, ჩვენ გვერდით ვერ იქნება
პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა. აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სიჭინავა განმარტავს, ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით.
ამასთან, სიჭინავა ამბობს, რომ ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო „ქართული ოცნების“, სუს-ის, შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში.
„მიუხედავად იმ უმძიმესი ტრაგედიისა, რაც გუშინ დედაქალაქში მოხდა და ფაქტობრივად მთელი ქვეყანა დაღუპულ ბავშვს გლოვობს, ამ ტრაგედიის გარშემოა გაერთიანებული, „ქართული ოცნება“ იცლის იმისთვის, რომ უღირსად გააგრძელოს ბრძოლა ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიდევ ერთხელ, გვინდა, სამძიმარი ვუთხრათ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს. ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ დღევანდელ მძიმე დღეს ამ საკითხზე გვიწევს ბრიფინგის ჩატარება, თუმცა „ოცნების“ უღირსობამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიის რიგებიდან.
ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით. ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადილობრივი თვითმმართველობის მიერ.
ხელისუფლების მხრიდან პირობა იყო შემდეგი: ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენულიყო საკრებულოში ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატად. სანაცვლოდ, „ოცნება“ მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით, დამატებითი შესაძლებლობის არხების გახსნას სთავაზობდა. ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი გუნდი ვთავაზობდით, რომ „ქართული ოცნების“ წნეხისა და ზეწოლის შესახებ მას ღიად, საჯაროდ ესაუბრა. ჩვენი გუნდი მას, ბუნებრივია, მხარში დაუდგებოდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო „ოცნების“, სუს-ის, შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში. ის ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტინული ინტერესი, ჩვენ გვერდით ვერ იქნება. საზოგადოება იმაზეც უკვე თანხმდება, რომ დღევანდელმა „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მართვის ის მახინჯი მეთოდები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოლო წლებში ახასიათებდა. მათი ეს მსგავსება არა მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში, არამედ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაშიც გამოიხატება. ჩვენი გუნდი პოლიტიკაში ამ სიბინძურის დასამარცხებლად იბრძვის და დავამარცხებთ კიდეც. „ოცნების“ სურვილის მიუხედავად, ეს მაინც მოხდება. ამას ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.