ბერდია სიჭინავა - რომელიმე პარტიასთან კოალიციურ ერთობას არ ვგეგმავთ, როგორც ჩანს, „ლელოს“ მიზანია, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც ბოლო არჩევნებში ვერ გადალახა
ბერდია სიჭინავა - რომელიმე პარტიასთან კოალიციურ ერთობას არ ვგეგმავთ, როგორც ჩანს, „ლელოს“ მიზანია, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც ბოლო არჩევნებში ვერ გადალახა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციას არ გეგმავს. მისივე თქმით, მათ პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ გეგმავს კოალიციურ ერთობას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. გაერთიანება საერთო ღირებულებების გარშემო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურობს „ლელოს“ ფრთა. მათი განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ, ხელისუფლებაში ვიყავით თუ ოპოზიციაში ვართ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ტრიალებდა გიორგი გახარიას გარშემო. რაც არ უნდა ისაუბროს „ლელომ“ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას რეიტინგს არც არაფერი დააკლდება და არც მის მხარდაჭერას მოქალაქეებში. როგორც ჩანს, „ლელოს“ მიზანია, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი, რომელიც ბოლო არჩევნებში ვერ გადალახა.

ჩვენს პოლიტიკურ პარტიის გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც მორგებულია მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და წარმატებას ვუსურვებ მათ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვინმეს, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“ აქვს უფლება, თავს დაგვესხას და ისეთი რიტორიკა აწარმოოს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.