ბერდია სიჭინავა - სტრასბურგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს
ბერდია სიჭინავა - სტრასბურგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს განხილული უნდა იქნას წმინდად სამართლებრივ და ჰუმანიტარულ ჭრილში.

„ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ერთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი სიმულირებს, საკანში გადაღებული კადრების გამოქვეყნება და მისი მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება, მეორე მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას წამებით კლავენ ციხეში. ეს უნდა დაიცალოს პოლიტიკური შინაარსისგან და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს საკითხი განიხილოს ჰუმანიტარულ და სამართლებრივ ჭრილში. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები პატივისცემას უნდა იმსახურებდეს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.