ბერდია სიჭინავა - კონკრეტულ ბრალდებებს სჭირდება სერიოზული პასუხები და არა ისეთი პასუხები, როგორიც ცესკო-მ გასცა
ბერდია სიჭინავა - კონკრეტულ ბრალდებებს სჭირდება სერიოზული პასუხები და არა ისეთი პასუხები, როგორიც ცესკო-მ გასცა

კონკრეტულ ბრალდებებს სჭირდება სერიოზული პასუხები და არა ისეთი პასუხები, როგორიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სიჭინავამ კომენტარი გააკეთა ცესკო-ს დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „ცესკო-ს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიას პარტია „საქართველოსთვის“ შეუერთდა. გაკეთდა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, თითქოს ცესკო-მ შუალედური არჩევნები არა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოტივებით დანიშნა“.

„რა არის დაუსაბუთებელი ინფორმაცია. მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას – ის, რომ დროზე არ მოიწვიეთ გასულ წელს საკრებულოს პირველი სხდომები, რითაც წაართვით ახალი მოწვევის საკრებულოებს ახალი ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა, ეს არის ტყუილი? ტყუილია, რომ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადაიბირეს და პირდაპირი ფორმით, კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევით, ადამიანმა დატოვა საკუთარი მანდატი. არჩევნები რომ დანიშნეს, მაშინ, როდესაც ძირითად ბრალდებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პასუხი არ გაუცია. რაღაც ბელეტრისტიკა და გაყინული ფრაზები მოვისმინეთ ცესკო-სგან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან საკითხს უნდა გასცეს პასუხი. როდესაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრიბა, კანონმდებლობა, თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს ცესკო-ს, რომ ასეთ შემთხვევაში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დანიშნოს ახალი არჩევნები. ამის ნაცვლად, ცესკო როდესაც ნიშნავს არჩევნებს მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში, ეს პირდაპირ ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს, რადგან „ქართული ოცნება“, ისევე როგორც ბათუმის შემთხვევაში, ამ სამაჟორიტარო ოლქში დაიწყებს კვლავ უკანონო მეთოდების განხორციელებას. კონკრეტულ ბრალდებებს სჭირდება სერიოზული პასუხები და არა ისეთი პასუხები, როგორიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.