ბექა წიქარიშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ საპატრიარქოსთან და სხვებთან ინფორმაცია განგებ ცალმხრივად მიაქვთ
ბექა წიქარიშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ საპატრიარქოსთან და სხვებთან ინფორმაცია განგებ ცალმხრივად მიაქვთ

მრჩება შთაბეჭდილება, ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ საპატრიარქოსთან და გავლენის მქონე სხვა ინსტიტუტებთან ინფორმაცია განგებ ცალმხრივად მიაქვთ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა მეცნიერებათა აკადემიაში განაცხადა, სადაც ნარკოპოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ.

წიქარიშვილის თქმით, დეზინფორმაციის შედეგია, რომ საზოგადოების ნაწილი კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს.

„ამ ეტაპზე, მიჭირს, დავასახელო,ვის ინტერესშია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება. ვფიქრობ, სწორედ ამ დეზინფორმაციის შედეგია განცხადება, რომ კანონპროექტი უნდა შეჩერდეს, რადგან უკვე წლებია კანონპროექტზე უამრავი სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს. გარკვეული ჯგუფები, სავარაუდოდ, განგებ ახდენენ ამ რეფორმის დისკრედიტაციას. რთული სათქმელია, ვის ინტერესშია“, – განმარტა ბექა წიქარიშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.