ლევან კობერიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს
ლევან კობერიძე - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა რაც შეიძლება სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია, როცა ნარკოტიკების მოხმარებით ადამიანების დაღუპვის ტრაგიკულ შემთხვევებს კანონპროექტის თემას უკავშირებენ.

„ეს კანონპროექტია და ძალაშიც არ შესულა, ქვეყანაში კი სამწუხარო რეალობას ვხედავთ. ვფიქრობ, რომ დეკრიმინალიზაცია და ეს კანონპროექტი ის თემაა, რომელმაც საკითხის სხვადასხვა მხარე უნდა დაარეგულიროს და გარკვეული წესრიგი დაამყაროს. ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ ბევრი რეალიზატორი გამოავლინეს. ამ კანონპროექტში ასახულია პრინციპი, რომ რეალიზატორები მაქსიმალურად დასჯილები უნდა იყვნენ და მათ მიმართ რაც შეიძლება მკაცრი სასჯელი იყოს. ამ ხაზის გაგრძელებას მივესალმები, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის“, – განაცხადა კობერიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. მიზეზი უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა.