ბექა წიქარიშვილი - ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე ბევრი გვიმუშავია, მაგრამ ხელისუფლების ასეთი პირდაპირი ჩართულობა აქამდე არ ყოფილა
ბექა წიქარიშვილი - ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე ბევრი გვიმუშავია, მაგრამ ხელისუფლების ასეთი პირდაპირი ჩართულობა აქამდე არ ყოფილა

უშუალოდ 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, რომელშიც სახალხო დამცველიც იქნება ჩართული, – ამის შესახებ „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„პროცესი ღია იქნება. ამ შეხვედრების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს და ვნახოთ, რას მივიღებთ“, – განაცხადა წიქარიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია სამუშაო ჯგუფის წევრთა მოლოდინი, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ მოლოდინებზე საუბარი ძნელია, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში გამოჩნდა შესაძლებლობა, რაღაც მოგვარდეს.

„ვნახოთ, პროცესები როგორ წავა. საზოგადოებას ამაზე ინფორმაციას მუდმივად მივაწვდით. გპირდებით, არაფერი დაიმალება. აქ ორი საკითხია – 12 მაისის მოვლენები, ღამის დარბევის მოვლენები, სადაც დარწმუნებული ვართ, უფლებამოსილების გადამეტებას და ადამიანთა უფლებების შეზღუდვას ჰქონდა ადგილი. მე პირადად მთელი იმ პერიოდის განმავლობაში უკანონო პატიმარი ვიყავი“, – განაცხადა წიქარიშვილმა. 

ბექა წიქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით ბევრი უმუშავიათ, მაგრამ ხელისუფლების ასეთი პირდაპირი ჩართულობა და პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა აქამდე არ ყოფილა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის ის მაქსიმუმი, რაზეც, მისი აზრით, ხელისუფლება დათანხმდება, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლოდინებზე საუბარი და კონკრეტულის თქმა გაუჭირდება.