ეკა ბესელია - ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მთავრობასა და პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს
ეკა ბესელია - ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მთავრობასა და პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტში ინიცირებული ცვლილებები არის საკმაოდ კომპლექსური და ფართო ტიპის რეფორმა, რომელიც მთლიანად ცვლის დღეს არსებულ მიდგომებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით შეთავაზებულია დეკრიმინალიზაცია ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არსებული პროექტის მიმართ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.

„ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია, საკმაოდ კომპლექსურია და ფართო ტიპის რეფორმას მოიცავს. იგი მთლიანად ცვლის დღეს არსებულ მიდგომებს, რომლის მიხედვითაც ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის შემოთავაზებულია დეკრიმინალიზაცია, ცვლილებები ოდენობებისა და სასჯელების შეცვლასაც მოიცავს.

ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვას აუცილებლად სჭირდება მთავრობასთან პოზიციების შეჯერება, რადგან ცვლილებების მიმართ, ამ დროისთვის, ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებას განსხვავებული ხედვები აქვს – ეს ეხება ოდენობებისფორმულირებებისა და დეკრიმინალიზაციის ნაწილს.

სამუშაო ფორმატში სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ, პრინციპების დონეზე დავინახოთ, სად არის თანხმობა და სად შეიძლება იყოს კორექტირებული ვერსია.

ვფიქრობ, რომ წარმოდგენილ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება კომპრომისის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მიმართ გამოკვეთილია ერთიანი პოზიცია – კანონი იყოს უფრო ჰუმანური და სამართლიანი, ხოლო რეალიზატორების მიმართ ლიბერალიზაციის კუთხით არანაირი კომპრომისი არ იქნეს დაშვებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობს. 

კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება ნარკოდანაშაულის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკომომხმარებლებისთვის შრომითი უფლებების გაუქმებასა და მართვის მოწმობის ჩამორთმევას.

პროექტის ინიციატორების თქმით, საკომიტეტო განხილვები 1-ელ დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.