ბექა ვაჩიბერაძის ექსკლუზიური კომენტარი - საქართველოს გამო უკრაინის ეროვნულ ნაკრებზე უარი ვთქვი
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს სახელით ითამაშებს.
21 წლის ნახევარმცველს “შახტარის” 19-წლამდელთა ფორმით ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია, ორჯერ კი უკრაინის 17 და 19-წლამდელთა შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახლდათ.
ვაჩიბერაძის საკითხი ფიფაში განიხილეს და დაადასტურეს – საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს, ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრობლემა არ შეექმნება.
პირველმა არხმა ბექა ვაჩიბერაძესთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა, სადაც ფეხბურთელმა აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
„უკრაინელების მადლიერი ვარ, რადგან კარიერის აწყობაში ყველანაირად დამეხმარნენ, მაგრამ ქართველი ვარ და ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. წლეულს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნად ამირჩიეს და ეროვნულ ნაკრებშიც მიწვევდნენ. მწვრთნელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ შეკრებაზე ჩემი ნახვა სურდათ. 5-10 წუთს მათამაშებდნენ, საქართველოს სახელით რომ აღარ გამოვსულიყავი. მაგრამ ფეხის ტკივილი მოვიმიზეზე და საქართველოს გამო უარი ვთქვი” – ამბობს ვაჩიბერაძე პირველ არხთან.