ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას განცხადება გონივრულია, რადგან პროპორციული სისტემა რეალურად „ევროპულ საქართველოს“ აწყობს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება აწყობს „ევროპულ საქართველოს“, თუმცა რეალურად ეს არ სურს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იკრიბება, თავის მთავარ მოთხოვნად ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს თუ აქცევს, „ოცნებას“ ექნება საბაბი, მისივე შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვას.
აქედან გამომდინარე, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას განცხადება არის გონივრული, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გავიდეს.
„რაში მაინტერესებს, გიგი უგულავა რას ამბობს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, გონივრულია მათი მხრიდან, სწორედ „ევროპულ საქართველოს“ აწყობს, რამენაირად ეს სისტემა ჩამოყალიბდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს შემოთავაზებული სისტემა. აქედან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ ეცდება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე რამენაირად უფრო მეტი ქულა დააგროვოს. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, თავის მთავარ მოთხოვნად აქცევს ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, შესაბამისად, „ოცნებას“ ექნება საბაბი, მისივე შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვას, რადგან ეს გახდება წყალგამყოფი. ამიტომ მისი ეს განცხადება არის გონივრული, რათა „ქართული ოცნება“ ამ პროცესიდან არ გამოვიდეს“ ,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილის აზრით, პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგში დაყენება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ხელსაყრელი.
„თუ ამ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და მეტი პროპორციულობისკენ არ წავალთ, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება საბაბი, არჩევნების შემდეგ თქვას, რომ რადგან არჩევნები იმ სისტემით არ ჩატარდა, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, ყველანაირი საბაბი ექნება, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ეს არის შესაბამისად აწონ-დაწონვის საკითხი. მესმის მისი პოზიცია მისი პარტიიდან გამომდინარე. ეს შესაძლოა სწორი იყოს. ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, მაშინ მოლაპარაკების რესურსი აღარ იქნება“ ,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა პოსტი, სადაც უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მშვიდობიან განვითარებას ჰაერივით სჭირდება.
გიგი უგულავა მიმართავს თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციის ერთობას, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია.
უგულავას განცხადებით, მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.