ბექა გონაშვილი - ქვეყანაში მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული გეგმით უნდა განვითარდეს
ქვეყანაში ხილის გარდა სხვა პროდუქტების, განსაკუთრებით მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურაც უნდა განვითარდეს. თუმცა მარცვლეულის სასაწყობე ინფრასტრუქტურის მშენებლობას სპონტანური ხასიათი რომ არ ჰქონდეს, ეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ შეთანხმებული გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიზნით შემუშავებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად აცხადებს და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვან საგრანტო-საფინანსო მექანიზმებს სთავაზობს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აგრარული სექტორს ორ კომპონენტზე გააკეთებს, როგორიცაა ერთწლიანი კულტურებისა და მეხორცეული მეცხოველეობის განვითარება.
გონაშვილის მოსაზრებით, ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობაზე სწორ აქცენტებს აკეთებს, თუმცა მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის იმ შეზღუდვების დროულად მოხსნა, რომელიც მიწების დამუშავებას უშლის ხელს.
„ზოგადად სწორია სოფლის მეურნეობაზე მეტი აქცენტის გაკეთება. უბრალოდ სათქმელია ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას ის შეზღუდვები, რაც ფერმერების მიმართულებით არსებობს, რაც ამ კვირაში პრაქტიკულად უკვე გადაიდგა კიდეც. დღეს კახეთიდან მოვდივარ და ფაქტია, რომ დილიდან უკვე გააქტიურებულია მოძრაობა სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმართულებით. ეს ძალიან კარგია. რაც მთავარია, ზოგადად ის პროგრამები და პროექტები, რაც დღეს შეიქმნა და კონკრეტულად მინდა აღვნიშნო, ერთწლიანი კულტურების მიმართულებით საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ეს სწორია ასეთ დროს“, – განაცხადა გონაშვილმა.
მისი განმარტებით, თუ ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების მიზნით მეტი პროდუქციის შექმნა სურს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საწყობების განვითარებაზე უნდა გააკეთოს, განსაკუთრებით მარცვლეულის მიმართულებით.
„ჩვენ თუ ორიენტირს იმაზე ავიღებთ, რომ ქვეყანაში პროდუქცია შევქმნათ, მეორე საკითხი არის დასაწყობება და პროდუქციის დროულად და სწორი მეთოდებით შენახვა, რაც ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი იყო ქვეყანაში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ხილის შენახვაზე, რომლის შესანახადაც საკმაოდ ბევრი მაცივარი უკვე შეიქმნა ქვეყნაში. აგროპროექტით ბევრმა ისარგებლა და მე თვითონ ბევრი მინახავს. მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სხვა პროდუქტის შესანახი საშუალებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, მათ შორის მარცვლეული კულტურების, კონკრეტულად ხორბალი და ა.შ. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად ჩამოკიდებულია რუსეთის წარმოებაზე და როგორც ნახეთ გასული კვირიდან რუსეთში უკვე აიკრძალა მარცვლეულის ექსპორტი, ჩვენ შეიძლება დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩენილიყავით. ახლა გათვალისწინებულია გარკვეული ფაქტორები და რისკები შემცირებულია, რასაც ვერ ვიტყვით სიმინდზე. სიმინდის კუთხით ფაქტობრივად დავრჩით რუსეთის გარეშე და ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება დროულად და სწორი გათვლებით უნდა შექმნას. უნდა გაკეთდეს არსებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია და დარწმუნებული ვარ ეს ინვენტარიზაცია გაკეთდება. შემდეგ როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა მიზნობრივად, ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებული გეგმით უნდა დაიწყოს მოქმედება. არა ისე, რომ რადგან შემნახველები გახდა საჭირო, ყველამ გააკეთოს“, – განუცხადა ბექა გონაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.