ბექა ფერაძემ პარლამენტს შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ბექა ფერაძემ პარლამენტს შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შრომის პირობების ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2 510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა.

„მათგან 1 147 იყო პირველადი ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 752 გეგმურად. ასევე, სხვადასხვა საჩივრისა თუ ინციდენტის გამო მოხდა კომპანიების შემოწმება. ამ მიმართულებით შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გაცემულია 8 728 მითითება და 1 748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ზედამხედველობა შეეხო 108 ათასამდე დასაქმებულ პირს. რეინსპექტირების დროს, როდესაც გაიცა მითითება შრომის ინსპექციის მხრიდან, რამდენად გაითვალისწინა მეწარმემ გაცემული მითითებები, 2021 წელს პროცენტული მაჩვენებელი იყო 28 და დღეის მდგომარეობით არის 52%, რომელმაც პირველადი ინსპექტირების შემდგომ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრა. ამ მიმართულებით 24 პროცენტით არის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც სექტორში ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს.

კანონის ამოქმედების შემდგომ, ვგულისხმობ 2018-2019 წლებს, როცა სრულად ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, 41 პროცენტით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე ფატალური უბედური შემთხვევები. 1 000-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა შრომის უფლებებთან დაკავშირებით. 3 300-ზე მეტი მითითება გაიცა და 68 ათასამდე დასაქმებულ პირს შეეხო შრომითი უფლებების ზედამხედველობა.

ასევე, სამსახურმა 2022 წელს, კოვიდის პერიოდში ჩართული კლინიკების შემოწმება განაგრძო, ექიმებთან და ექთნებთან რამდენად მიზნობრივად ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, რომელიც ასევე სახელმწიფოს მხრიდან იყო განკუთვნილი და რამდენიმე მილიონი ლარის თანხის დაბრუნება განხორციელდა ექიმებისა და ექთნების მიმართულებით.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვას, საანგარიშო წლის განმავლობაში 15 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა, გაიცა 55 მითითება და 85 ათას ლარზე მეტით დაჯარიმდა კომპანიები, სადაც არასრულწლოვანთა შრომითი ნორმები დაირღვა. შრომის ინსპექციის საზედამხედველო მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ზედამხედველობა დისკრიმინაციაზე. საანგარიშო წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მხრიდან 52 დისკრიმინაციის ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომელიც ამ მიმართულებით ყველა უფლების რეალიზებას შეეხებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მაღალია მაჩვენებელი, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, ანუ, როდესაც ცხადდება ვაკანსია, ვამოწმებთ კომპანიებს, რამე დისკრიმინაციულ განცხადებას ხომ არ აქვს ადგილი. ვინაიდან ამ მიმართულებით ვაკანსიის გამოქვეყნების დროსაც გარკვეული პრობლემები არსებობდა, შევიმუშავეთ სახელმძღვანელო პრინციპები დამსაქმებლებისთვის, რომ ეს არ იყოს სადამსჯელო შემდგომ, როცა განვახორციელებთ ინსპექტირებას პრევენციისთვის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით კარგი სახელმძღვანელო იქნა შემუშავებული, რომელიც დაეგზავნა, ფაქტობრივად, 700-ათასამდე მეწარმე სუბიექტს.

რაც შეეხება იძულებით შრომას, საანგარიშო პერიოდში 221 კომპანია იქნა შემოწმებული და ერთი იძულებითი შრომის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.