ბექა ფერაძე - თითოეული მოქალაქე თუ დაიცავს რეკომენდაციებს, ცხადია, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება
სოციალური ღონისძიებები ქმნის არახელსაყრელ პირობას და აუარესებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს კეთილსინდისიერი მეწარმეების მეტ დისკომფორტს, ვინაიდან ჩვენ ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება შაბათ-კვირის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავს წესებს, შესაძლებელია შაბათ-კვირას შეზღუდვები მოიხსნას.
„თუ ყველა ბიზნესსუბიექტი, თითოეული მოქალაქე დაიცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ცხადია, ეპიდსიტუაცია იქნება დასტაბილურებული და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე შაბათ-კვირას არაერთი სოციალური ღონისძიების ფაქტი დავაფიქსირეთ, ამიტომ ამან გამოიწვია ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედი გაუარესება“, – განაცხადა ფერაძემ.