ბექა ფერაძე - შესაძლოა, ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმდეს ისეთი რესტორნები, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება
ბექა ფერაძე - შესაძლოა, ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმდეს ისეთი რესტორნები, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება

შესაძლოა, ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმდეს ისეთი რესტორნები, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება, – განაცხადა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„სარესტორნო მომსახურებაში რისკი მეტია, ვინაიდან ასეთ ობიექტებზე დაყოვნების, ლოდინის ხარისხი უფრო მაღალია და ამასთან, პირბადის ტარება ფაქტობრივად, შეუძლებელია. აი, ეს არის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები, რაც სარესტორნო ბიზნესს უფრო მაღალ კლასს ანიჭებს, მათ შორის, ინსპექტირების პროცესში და ამიტომ, შესაძლოა, ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმდეს ისეთი რესტორნები, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება“, – განაცხადა ფერაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იყო დაშვებული სარესტორნო მომსახურება სასტუმროებში მაშინ, როცა ცალკე აღებულ რესტორნებს საქმიანობის უფლება არ ჰქონდათ, სასტუმროების რესტორნებში კი წვეულებები იმართებოდა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ დღესის მდგომარეობით სასტუმროების საქმიანობა ნებადართულია, ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა სრულად არ არის შეზღუდული და ადამიანებს ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება უწევთ, ხოლო თუ სასტუმრო ღია მდგომარეობაშია, ალოგიკური იქნებოდა, მასში განთავსებული ადამიანისთვის კვების მომსახურება აკრძალულიყო.

„ნებადართული არის მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის კვების მომსახურების მიღება. თქვენ მე ფაქტებს ვერ მაჩვენებთ, რომ მსგავსი ტიპის რესტორნებში წვეულებები ხდებოდა. შესაძლოა, რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევა იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შერჩევითი მიდგომა ჰქონდა. ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებულია და ამას შრომის ინსპექციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ციფრობრივად ალბათ, გამიჭირდება თქმა, რამდენი შემთხვევა იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ათეულობით ათასი შემთხვევა. ალბათ, ათამდე შემთხვევა იყო, რომელზეც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და მათ შორის, ამ წუთებშიც მიმდინარეობს შემოწმება, ხომ არ ხდება იქ ისეთი რამ, რაც ბოლო პერიოდში ისმის“, – განაცხადა ფერაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შემოწმდება ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადები, ფერაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულია შსს, ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები და ეკონომიკის შესაბამისი სამსახური, რომელიც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ გადანაწილებული გვაქვს სხვადასხვა სექტორი. მაგალითად, ტრანსპორტის კონტროლში მერიის შესაბამისი სამსახურები იქნებიან ჩართული“, – განაცხადა ფერაძემ.

შეკითხვაზე, რა იცვლება შემოდგომასთან შედარებით აღსრულების ნაწილში იმისთვის, რათა ეპიდემიის მესამე ტალღა ავიცილოთ, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ აქ მხოლოდ მარეგულირებელ უწყებაზე ვერ ისაუბრებს, თუ ამ პროცესში ბიზნესის და საზოგადოების მაღალი ჩართულობა არ იქნა, რათა რეგულაციების დაცვა ერთობლივად მოხდეს.

„ბუნებრივია, ამ პროცესის ტოტალური კონტროლი ძალიან გაჭირდება. ეს შესაძლებელია, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენი დამოკიდებულება არ არის ძალიან მკაცრი ამ პანდემიურ ფონზე, როდესაც ბიზნესს არა ერთი გამოწვევა აქვს. ჩვენი მიდგომები მეტწილად, პრევენციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ფერაძემ.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, რეკომენდაციები, რომლებიც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა, ითვალისწინებს იმ პრევენციულ მექანიზმებს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციას აბსოლუტურად უზრუნველყოფს.

„რეკომენდაციები, რომლებიც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციით შევიმუშავეთ და მასში ჩართული იყვნენ დარგობრივი ექსპერტები, ეპიდემიოლოგები, არის ყოვლის მომცველი და ითვალისწინებს იმ პრევენციულ მექანიზმებს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციას აბსოლუტურად უზრუნველყოფს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

დატოვე კომენტარი