ბენ ემერსონი - ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება 2008 წელს აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც არ შეჩერებულა
ბენ ემერსონი - ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება 2008 წელს აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც არ შეჩერებულა

რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამოსვლისას საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა განაცხადა.

ბენ ემერსონი დღეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

გამოსვლის დროს ემეროსნმა რუსეთი ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქართველებით დასახლებული სოფლების განადგურება 2008 წელს აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგაც არ შეჩერებულა.

„2008 წლის აგვისტოს პირველ კვირაში საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულმა ძალებმა დაიწყეს მობილიზება კონფლიქტისთვის. ისინი შეაიარაღა და გაწვრთნა რუსეთმა. მათ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. 7 აგვისტოს საღამოს კი დაახლოებით 31 000 რუსი ჯარისკაცი შეიჭრა საქართველოში, გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და დაიძრნენ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისკენ. მათ შუერთდნენ ის რუსული ძალები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ ამ რეგიონებში. საქართველოს მოსახლეობას ევროპაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი არმია დაუპირისპირდა. რუს ჯარისკაცებს არ ეტყობოდათ, რომ მათ მშვიდობის შენარჩუნება სურდათ. მოვლენების განვითარებასთან ერთად გამოჩნდა, რომ ისინი კონფლიქტში ნეიტრალურ მხარესაც არ წარმოადგენენ და ისინი სეპარატისტების ზურგს უმაგრებდნენ. ნამდვილი მშვიდობისმყოფელები სოფლებს არ ბომბავენ, არ ატერორებენ და გზას არ უხერგავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, არ წვავენ ხალხს, არ იპარავენ მათ კუთვნილ ნივთებს და არ აგდებენ ოკუპირებული მიწიდან. სწორედ ასე იქცეოდნენ რუსეთის ძალები. ისინი ადგილობრივ სამხედროებთან მხარდამხარ მოქმედებდნენ, რომელთაც თავადვე აკონტროლებენ“, – განაცხადა ბენ ემერსონმა.

ემეროსნის განცხადებით, რუსეთმა 12 აგვისტოს მიერ მიერვე შესრულებული შეთანხმებაც არ შეასრულა და რუსი ჯარისკაცები 10 ოქტომბრამდე რჩებოდნენ ე.წ ბუფერულ ზონებში, შედეგად კი რუსეთის საოკუპაციო ხაზმა ცხინვალიდან 20 კილომეტრით, ხოლო აფხაზეთიდან 40 კილომეტრით გადაიწია.

„თავდაპირველად საქართველოს შეიარაღებული ძალები ინარჩუნებდნენ პოზიციებს და ცდილობდნენ, დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა. თუმცა, 10 აგვისტოს დილით, საქართველომ ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა და ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა. 11 აგვისტოს საქართველომ მიმართა ამ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ რუსეთის დარღვევები შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებები შედარებით მალე შეწყდა, ამის შემდეგ დაიწყო ქართული სოფლების განადგურების კამპანია. ეს საომარი მოქმედებების დარულების შემდეგ თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. შედეგად, სამხრეთ ოსეთიდან თითქმის ყველა ქართველი გააძევეს, ხოლო მათი სოფლები დაწვეს და გაძარცვეს, რათა ისინი აღარ დაბრუნებულიყვნენ. დანაშაულთა უმეტესობა მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ჯარები სამხრეთ ოსეთიდან გავიდნენ. 12 აგვისტოს საქართველო დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის მიღებას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეიმუშავა. ამავე დღეს იგივე გააკეთა რუსეთმაც. მიუხედავად ამისა, ეს შეთანხმება მაშინვე დაირღვა, რადგან რუსეთის ინტერვენცია საქართველოში გაგრძელდა. 19 აგვისტოსთვის უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არ აპირებდა დამორჩილებოდა შეთანხმების პირობებს და გაეყვანა ჯარები იმ პოზიციებზე, სადაც ისინი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ. პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები წინასწარ განსაზღვრულ ბუფერულ ზონებში დარჩებოდნენ ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც. შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ 37 საკონტროლო გამშვებ პუნქტს განააგებდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხაზი სამხრეთ ოსეთიდან 20 კილომეტრით, ხოლო აფხაზეთიდან 40 კილომეტრით გადაიწევდა. ევროკავშირის ჩარევისა და შუამდგომლობის შემდეგ, რუსეთმა გაიყვანა ჯარი ე.წ. ბუფერული ზონიდან 10 ოქტომბერს, თუმცა რუსები დარჩნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.