ბელარუსში ქართული პროდუქციის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება
ბელარუსში ქართული პროდუქციის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება

ბელარუსში ქართული პროდუქციის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე განიხილება ლიფტების ერთობლივი წარმოების თემა, თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინის გავლით.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ლოგისტიკის განვითარების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ქართულმა მხარემ ბელარუს კოლეგებთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ორი თვის ვადაში უნდა შეაჯეროს ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგების გზები, რაც ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდასაც შეუწყობს ხელს.

ბელარუსული მხარე ასევე დაინტერესებულია საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს შექმნით. შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი პარტნიორის მოძიებაში მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაეხმარება.

ვიცე-პრემიერმა რუსიმ, ამასთან ერთად, გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს თბილისსა და ბათუმში ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე ქართულ ბაზარზე დაინტერესებულ მყიდველს მიაწოდოს ნებისმიერი სპეციფიკაციის ლიფტები.

შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ ბელარუსული მხარე იმუშავებს მინსკში სპეციალური ადგილის გამოყოფაზე, რომელიც „აგროჰაბის“ კონცეფციის ქართული პროდუქციის მაღაზიას დაეთმობა.