ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოს დამოუკიდებლობის პეტიციის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოს დამოუკიდებლობის პეტიციის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოს დამოუკიდებლობის პეტიციის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს.

„ბიბლიოთეკამ საქართველოს „მივიწყებული“ პეტიცია აღმოაჩინა“, – ასეთია სტატიის სათაური.

„ოქსფორდში აღმოაჩინეს 111 წლის პეტიცია, რომელიც ქართველი ხალხის ავტონომიასა და უფლებებს ითხოვს. ქართველი ხალხის პეტიცია ბოდლეის ბიბლიოთეკაში 1920 წლიდან ინახება, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი. მასში გამოთქმულია უკმაყოფილება რუსული პოლიტიკის მისამართით და მას ხელს აწერს 3000 კაცი და ქალი”, – ნათქვამია სტატიაში.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი უფლებები ამ გზით მოითხოვა“, – აცხადებენ ბოდლეის ბიბლიოტეკაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პეტიცია 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინეს, თუმცა ამას საქართველოს დამოუკიდებლობა არ მოჰყოლია, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მხოლოდ 1918 წელს წელს მოიპოვა.

BBC-ი აღნიშნავს, რომ პეტიციის ინიციატორი ქართველი ნაციონალისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო, რომელმაც 1870-იან წლებში ციმბირში გადასახლებას თავი დააღწია და ლონდონში დასახლდა, სადაც და-ძმას სერ ოლივერსა და მარჯორი უორდროპებს დაუმეგობრდა. და-ძმა გატაცებული იყო ქართული კულტურით.

მოგვიანებით, სწორედ სერ ოლივერმა გადასცა პეტიცია ბოდლეის ბიბლიოთეკას როგორც უორდროპის კოლექციის ნაწილი. პეტიცია ბიბლიოთეკის კატალოგში 1970-იან წლებში შეიტანეს, თუმცა მისი მნიშვნელობას ნათელი მოჰფინეს მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა აკადემიკოსებმა ბექა კობახიძემ და ნიკოლოზ ალექსიძემ, ასევე ჯილიან ევისონმა ბიდლეის ბიბლიოთეკიდან.

ბოდლეის ბიბლიოთეკამ ახალი პეტიციის ელექტრონული ვერსია შექმნა და ახლა ის ინტერნეტშია ხელმისაწვდომი.

როგორც ბექა კობახიძე BBC-სთან საუბარში აცხადებს, მისთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობა მიიღო საქმეში, რომლის შედეგადაც 111 წლის შემდეგ დავიწყებული სახელების შესახებ საზოგადოებამ შეიტყო.

მისი თქმით, ქართველებს დააინტერესებთ ნახვა, იყვნენ თუ არა პეტიციის ხელმომწერთა შორის მათი წინაპრების და ნათესავების გვარები.