ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდას პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - ჩვენ ერთად, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანჯეი დუდას პოლონეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - ჩვენ ერთად, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ზელენსკიმ დუდას და პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა ყოველთვის იქნება ძლიერი საყრდენი პოლონეთის თავისუფლებისთვის.

„ჩვენმა ხალხებმა მთელ ევროპასთან ერთად გაიარეს დიდი გზა და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთ მხარეს ვიყავით, ისტორიას უკეთესობისკენ ვცვლიდით. საოცარი რაღაცებია შესაძლებელია, თუ უკრაინელებს და პოლონელებს საერთო მიზანი აერთიანებთ. როგორც ორშასთან და ზამოსტიესთან ბრძოლაში, ისე ახლა, ამ ბრძოლაში, რომელიც გრძელდება უკრაინის თავისუფლებისთვის, ანუ პოლონეთის თავისუფლებისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვაფასებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ყოველთვის იქნებიან პოლონელი ხალხის მადლობელი რუსეთის აგრესიის რთულ პერიოდში მათი დახმარებისთვის.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და პოლონეთის მყარი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, როგორც ერთიანი ევროპის ერთ-ერთი საფუძველი.

„ევროპის ერთიანობა ჩვენი საერთო ინტერესია, ის შეიძლება, იყოს ძლიერი მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი საფუძველია უკრაინული და პოლონური ნების მოკავშირეობა, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, როდესაც ჩვენ ვართ ერთად ევროკავშირსა და ნატო-ში და ჩვენი საერთო ისტორიის ყველა განმსაზღვრელ მომენტში. ერთად ჩვენ, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, დუდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. დუდამ, ასევე, მიულოცა ზელენსკის ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.