რამაზ საყვარელიძე - რა გახდა პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? ზურაბიშვილმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ჩვენ ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ
რამაზ საყვარელიძე - რა გახდა პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? ზურაბიშვილმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ჩვენ ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ

სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება, ძლიერი მოძრაობა ისეთი გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით. სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში. ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ, არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, 26 მაისის დღესასწაულზე ოპოზიციის მსვლელობა ანტისახელმწიფოებრივი იყო და სალომე ზურაბიშვილიც სააკაშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური კულტურის ნაწილი გახდა.

„26 მაისს რომ საპროტესტო აქციით მოდიან, არიქა, რუსეთისკენ მიდის სახელმწიფო და ჩვენ გვინდა, წავიყვანოთ ევროპისკენო, ეს ანტისახელმწიფოებრივი არ არის? სააკაშვილის მიერ შექმნილ ამ პოლიტიკურ კულტურაში ასეთი რამეები მოსულა და ამ კულტურის რაღაც ერთი ნაწილი, ერთ-ერთი წევრი გახდა სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტის გამოსვლა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში იყო მინიშნება – ნუ ღალატობთ ევროპისკენ კურსს, პრეზიდენტის სიმაღლიდან ამის თქმა კი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია.

ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ.

„რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ. ერთ-ერთს მაინც რომ გამოევლინა ტაქტიკა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, მეორე გამოვიდოდა იმ ხვრელიდან და დარბილდებოდა სიტუაცია. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის. არ იყო ეს ისეთი პრობლემა, რომლის მოვლაც არ შეიძლებოდა ნორმალური სტრატეგიის ფარგლებში. დავუშვათ, უფრო შეგნებული არის მთავრობის მხარე, პოლიტიკაში ჩახედული, მაშინ, რახან შეგნებული ხარ, მიდი, ეცადე, რომ გამოიყენო პრეზიდენტის მდგომარეობა ისე, რომ ქვეყანას არ ავნო; მიდი, დაარბილე, მოუარე, ასე ვთქვათ, მიხედე. ხომ ცდილობენ, რომ ოპოზიციას მეტ-ნაკლებად მოუარონ? ისიც მოსავლელია, როგორც ჩანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, გარეგნული მხარით მუშაობა არის მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სუბკულტურის ტიპური ნიშანი და ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით ხმაურიც ამის ნაწილია.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ უნდა აღიზიანებდეს პოლიტიკოსს თუ ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანს ეროვნული სიმბოლიკა და რატომ არ იყო ნახსენები, მათ შორის, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ქართული დროშა და სიმბოლიკა, როცა იყო მოწოდებები ევროკავშირის და უკრაინის დროშების გადმოფენაზე, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ეს არის ფსიქიკის გარკვეული დეფორმაცია.