BBC-ის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს
BBC-ის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტარგუევი და კირილ რადჩენკო  მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რუსი ჟურნალისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.

როგორც BBC წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ერთ-ერთი მოკლულის, ორხან ჯემალის ცოლს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი მეუღლე ფოტოზე ამოიცნო.

ზახაროვას თქმით, ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება. მისი თქმით, მოკლული ჟურნალისტების ცხედრებს სამშობლოში მაქსიმალურად მოკლე დროში გადაასვენებენ.

როგორც BBC უწყება, ჟურნალისტების მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველად სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა. სააგენტო წერდა, რომ მოკლულებს თან ჰქონდათ ჟურნალისტის მოწმობები.

არსებული ინფორმაციით, მათი ცხედრები ქალაქ სიბუსთან 23 კილომეტრში, გზაზე იპოვეს. BBC წერს, რომ წყაროს ცნობით, ისინი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.

BBC-ის ცნობით, ორხან ჯემალი 51 წლის იყო. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა „ნეზავისიმაია გაზეტაში“ „ვეჩერნაია მასკვაში“, „ნოვაია გაზეტაში“ და სხვა ცნობილ გამოცემებში. როგორც სამხედრო ჟურნალისტი, ის საქმიანობდა ცხელ წერტილებში – ჩრდილო კავკასია, სამხრეთ ოსეთი, ავღანეთი, ერაყი და სირია. 2011 წელს მუშაობდა ლიბიაში, სადაც ფეხის არეში დაიჭრა.

ალექსანდრ რასტარგუევი 47 წლის იყო. მან ჟურნალისტ ალექსეი პივოვაროვთან და დოკუმენტური ფილმების რეჟისორ პაველ კოსტომაროვთან ერთად 2012 წელს იმუშავა პროექტზე, რომელიც რუსეთში 2011-2012 წლებში საპროტესტო გამოსვლებს ეხებოდა.

ოპერატორი კირილ რადჩენკო 33 წლის იყო. როგორც BBC წერს, მისი „ფეისბუქის“ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოტოგრაფად და ოპერატორად. რადჩენკოს ბოლო სამუშაო ადგილი იყო აფხაზური საინფორმაციო სააგენტო, სადაც ვიდეომემონტაჟედ საქმიანობდა.