რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ მზად არის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობები გაწყვიტოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს.
მუქარის შემცველი განცხადება რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსისგან, მიტროპოლიტ ილარიონისგან, 8 სექტემბერს გაისმა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო საპატრიარქო კიევში ეგზარქოსებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებელი, ახალი უკრაინული ეკლესიის შექმნაზე იმუშავებენ. მოსკოვში ამ ნაბიჯს „მზაკვრული“ უწოდეს. ავტოკეფალიის მომხრეები კიევში ამბობენ, რომ დამოუკიდებელი ეკლესია უკრაინაში წელს შეიქმნება.
რას ეხება დავა
მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის დავის საგანი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალია. დღეს უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს. მართლმადიდებელი ეკლესიები მათგან მხოლოდ ერთს აღიარებენ. ეს მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს სტრუქტურაში შედის.
დანარჩენ ორ უკრაინულ ეკლესიას, კერძოდ, კიევის საპატრიარქოსა და ავტოკეფალურ ეკლესიას მართლმადიდებელი სამყარო არ ცნობს. 2018 წლის აპრილში ამ ორი ეკლესიის წარმომადგენლებმა მსოფლიო პატრიარქს ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით მიმართეს. ამ მოთხოვნას შეუერთდა უკრაინის რადა და პრეზიდენტი პოროშენკოც.
რუსეთის საპატრიარქო უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას სასტიკად ეწინააღმდეგება, რადგან უკრაინას საკუთარ კანონიკურ ტერიტორიად, ხოლო მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ერთადერთ ლეგიტიმურ ეკლესიად მიიჩნევს.
კონსტანტინოპოლში ამბობენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსულ ეკლესიას მე-17 საუკუნეში დროებით მმართველობაში გადასცეს, ხოლო შემდეგ მოსკოვმა უკანონოდ მოახდინა მიწების „ანექსია“. მათივე მტკიცებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიაც კი, დღეს უკრაინის ტერიტორიაზე, კანონიკური წესების დარღვევით მოქმედებს.
ამას გარდა, რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ავტოკეფალიის მინიჭების წესის სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ. მსოფლიო საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ერთპიროვნული უფლება აქვთ. მოსკოვში კი ამბობენ, რომ საეკლესიო დამოუკიდებლობის მინიჭების გადაწყვეტილება ყველა ეკლესიამ ერთობლივად უნდა მიიღოს.
რატომ გამწვავდა კონფლიქტი და ვინ არიან მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსები
გასულ პარასკევს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მოსამზადებლად კიევში ორი ეგზარქოსი გაემგზავრება. ეს იყო მსოფლიო საპატრიარქოს პირველი ღია აღიარება, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას აპირებს.
კიევში გაემგზავრნენ აშშ-სა და კანადაში მომსახურე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპისკოპოსები. ორივე ეთნიკურად უკრაინელია. კიევში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ცხადყოფს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკელესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ეგზარქოსების მთავარი მიზანი კიევის ეკლესიებთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად, გაერთიანებული კრების მომზადებაა, სადაც ახალი უკრაინული ავტოკეფალური ეკლესია შეიქმნება. მოსკოვში ეგზარქოსების გაგზავნაზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ. რუსეთის საპატრიარქომ ამას საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და სხვა ეკლესიის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა. მიტროპოლიტმა ილარიონმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი სამყარო „განხეთქილების ზღვარზეა“.
„კანონიკური ეკლესია ამ ავტოკეფალიას არ მიიღებს. რუსული ეკლესია, მას არ აღიარებს. ჩვენ არ გვექნება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ კონსტანტინოპოლთან კავშირი გავწყვიტოთ“ – განაცხადა ილარიონმა.
რას ნიშნავს ურთიერთობების გაწყვეტა
მიტროპოლიტმა ილარიონმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო უკვე მუშაობს საპასუხო ზომებზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯებზე მიმდინარეობს მსჯელობა.
„ბიბისითან“ საუბარში დამკვირვებლები ამბობენ, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ორ საპატრიარქოს შორის ურთიერთობების გაწყვეტა შეიძლება, სხვადასხვა ფორმით მოხდეს.
„ურთიერთობის გაწყვეტას ოთხი ფორმა აქვს. პირველი – ურთიერთობას წყვეტენ მხოლოდ პატრიარქები, მეორე – ურთიერთობაზე უარს ამბობენ ეპისკოპოსები, მესამე – იკრძალება ყველა საეკლესიო პირის ურთიერთობა და მეოთხე – სხვადახვა საპატრიარქოს მრევლს ერთად ლოცვა ეკრძალება“, – ამბობს პუბლიცისტი ანდრეი კურაევი.
რომელ ფორმას აირჩევს მოსკოვი, ჯერ უცნობია, თუმცა მიტროპოლიტი ილარიონი ტელეინტერვიუში საკმაოდ მკაცრი იყო და განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოსთან დავაში „საეკლესიო დიპლომატიამ საკუთარი თავი ამოწურა“. ამ განცხადების გათვალისწინებით, რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ორი საპატრიარქო ღვთისმსახურებს ლიტურგიის ერთად ჩატარებას აუკრძალავს, რაც ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი მრევლი ორად გაიყოფა. რუსეთში მყოფი მრევლი ამით თითქმის არ დაზარალდება, თუმცა უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ევროპასა და აშშ-ში მყოფი მორწმუნეები.
ისტორიის მაგალითები
რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ურთიერთობები ადრეც შეუწყვეტიათ, ეს 1996 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ ესტონეთის ტერიტორიაზე ეკლესიების ნაწილს ავტონომია მიანიჭა. ამის გამო, ორი საპატრიარქოს ურთიერთობა რამდენიმე თვით გაწყდა. დღეს ესტონეთში ორი კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს. ისინი თავად ირჩევდნენ, ვის დაქვემდებარებაში ყოფილიყვნენ – მოსკოვის თუ კონსტანტინოპოლის.
უკრაინაში „ესტონეთის მაგალითი“ დღეს ხშირად მოჰყავთ, თუმცა რუსეთის საპატრიარქოში ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და ესტონეთის შემთხვევების შედარება არაკორექტულია. მათივე თქმით, ესტონეთში საუბარი შეეხებოდა რამდენიმე ათეულ ეკლესიას, რომელიც არამართლმადიდებლურ ქვეყანაში მდებარეობს, ხოლო უკრაინაში ამჟამად 12 ათასზე მეტი ეკლესიაა. ისინი დღეს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.
კიევში ამბობენ, რომ ამ ეკლესიების უმეტესობა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას გადაეცემა. თუმცა მოსკოვში ამის ნიადაგზე „სისხლისღვრას“ პროგნოზირებენ. ამას გარდა, რუსეთის საპატრიარქოში პრეტენზიები აქვთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლიდერობასთან დაკავშირებითაც. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ მსოფლიო საპატრიარქო განსაკუთრებული პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს.
და ბოლოს, რუსეთისთვის ამ დავას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რუსეთის საპატრიარქო და რუსეთიც საკუთარ ისტორიას კიევის მთავარ ვლადიმირის მიერ რუსეთის გაქრისტიანებიდან ითვლის.
„ჩვენ არასდროს დავთანხმდებით ჩვენი ეკლესიის კანონიკური საზღვრების შეცვლას, რადგან კიევი არის წმინდა რუსეთის სულიერი აკვანი, როგორც მცხეთა საქართველოსთვის ან კოსოვო სერბეთისთვის“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა 2016 წლის ნოემბერში.
დაუჭერენ თუ არა მხარს რუსეთის საპატრიარქოს სხვა ეკლესიები
ამ კითხვას დაზუსტებით დღეს ვერავინ პასუხობს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია ათეულობით მართლმადიდებელ ეკლესიას ეწვია. იგივე გააკეთეს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც.
კიევში ამტკიცებენ, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების წინააღმდეგ ჯერ არც ერთი ეკლესია არ გამოსულა, რუსეთის გარდა. თუმცა ამავე დროს უკრაინაში ვარაუდობენ, რომ თუ მოსკოვი კონსტანტინოპოლთან ურთიერთობას გაწყვეტს, შესაძლოა, იგივე გააკეთოს ანტიოქიის საპატრიარქომ და სერბეთის ეკლესიამ. ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესიების უმეტესობა ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 9-11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღებენ. ექსპერტების შეფასებით, ამას მოჰყვება პაუზა, რომელიც ორი კვირიდან ორ თვემდე გაგრძელდება. შემდეგ გაიმართება გაერთიანებული კრება, რომელზეც ახალ უკრაინულ ეკლესიას ოფიციალურად გადასცემენ ტომოსს, რაც მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავს.