მეუფე პეტრე - ჩვენი მოვალეობაა, პირადი აზრი გვქონდეს და სამართლიანობა ვიქადაგოთ, შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობაში პრობლემას ვერ ვხედავ
მეუფე პეტრე - ჩვენი მოვალეობაა, პირადი აზრი გვქონდეს და სამართლიანობა ვიქადაგოთ, შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობაში პრობლემას ვერ ვხედავ

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი იღებს, აზრთა სხვადასხვაობაში კი, პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ განუცხადა.

ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება მეუფე პეტრემ დღეს მარტვილის მონასტერში აღავლინა და მისი დასრულების შემდეგ მიმდინარე საკითხებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„რაც შეეხება უკრაინას და ზოგადად, ყველა აქტუალურ საკითხს, მიმაჩნია, რომ პირადი აზრი მღვდელმთავარმა თავის სამწყსოს უნდა უთხრას და, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი პირადი აზრი გვქონდეს და სამართლიანობა ვიქადაგოთ. აქედან გამომდინარე, პრობლემას ვერ ვხედავ აზრთა სხვადასხვაობაში. რაც შეეხება ერთიანობას, არა თუ ეკლესიაში, არამედ ქვეყანაში უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი, რაც ქართველ ერს გამოიყვანს ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან და ჩიხიდან, ეს არის ქართველი ერის ერთსულოვნება“, – განაცხადა მეუფემ.

მისივე შეფასებით, ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიდსულოვანი ადამიანებისაგან და შესაბამისად, ამას დიდი ადამიანები შეძლებენ.

„იქ, სადაც არის პატარაკაცობა, შეუძლებელია, დიდბუნებოვნება იყოს“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სინოდში დაპირისპირებას, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ პირადად მასში არანაირი დაპირისპირება არ არის. ზოგადად კი, დაპირისპირება იარსებებს, სანამ სამართლიანობის განცდა არ იქნება.

„ვერ გეტყვით, რომ რამე პირადი დაპირისპირება არსებობდეს პირადად ჩემში და ეს არც იარსებებს. მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირება ყოველთვის იარსებებს, სანამ სამართლიანობის განცდა არ იქნება. დაპირისპირება არის უსამართლობის წინააღმდეგ, უზნეობის, ფარისევლობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. ვინც თავს ამ მხარეს მოიაზრებს, ვალდებულია, საკუთარი თავი გამოასწოროს. დღევანელი დღე საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა დავიწყოთ გამოსწორება, რომ სჯულის კანონი აღსრულდეს და ქრისტეს ნათელი მოგვეფინოს“, – აღნიშნა მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპატრიარქოსთან დაკავშირებით კი, მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მეტად ეფექტური მმართველობაა საჭირო. კითხვაზე, კონკრეტულად რა პრობლემებია მმართველობაში, მეუფე პეტრე პასუხობს, რომ „საბჭოთა მემკვიდრეობა“.