ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.
BBC აქვეყნებს ბავშვების ვინაობას, რომლებიც 23 ივნისს ტაილანდის მღვიმეში ჩარჩნენ.
1 . ჩანინ ვიბულრუნგრუანგი, 11 წლის. ზედმეტსახელად ტიტანი. ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დაიწყო.
2. პანუმას სანჯი, 13 წლის, ზედმეტსახელად მიგი. რამდენიმე დღის წინ მშობლებს მღვიმიდან მისწერა, რომ მაშველები მას კარგად უვლიდნენ.
3. დუგანპეტ პრომტეპი, 13 წლის. ზედმეტსახელად დომი. ის გუნდის კაპიტანია.
4. სომეპონგ ჯაივონგი, 13 წლის. ზედმეტსახელად პონგი. ოცნებობს, რომ ტაილანდის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.
5. მონგკოლ ბუუნეიამი, 13 წლის. ზედმეტსახელად მარკი. მასწავლებლები ამბობენ, რომ ის ძალიან ზრდილობიანი და კარგი ბავშვია.
6. ნათავუთ ტაკამრონგი, 14 წლის. ზედმეტსახელად ტერნი. რამდენიმე დღის წინ მშობლებს მღვიმიდან მისწერა, რომ მასზე არ ენერვიულათ.
7. ეკარატ ვონგსუკჩანი, 14 წლის. ზედმეტსახელად ბიუ. მღვიმიდან დედას მისწერა და პირობა დადო, რომ გამოქვაბულიდან გასვლის შემდეგ მუდმივად დაეხმარება მაღაზიაში მუშაობისას.
8. ადულ სამ ონ, 14 წლის. ტაილანდის უმსხვილესი ფრენბურთის გუნდის წევრია.
9. პრაჟაჯ სუთამი, 15 წლის. მშობლები ამბობენ, რომ ძალიან ცელქი და კეთილი ბიჭია.
10 . პიპატ პჰო, 15 წლის, ზედმეტსახელად ნიკი. მშობლებს მღვიმიდან მისწერა, რომ გადარჩენის შემდეგ სახლში შემწვარი კერძები დაახვედრონ.
11. პორნჩაი კამლუანგი, 16 წლის. მღვიმიდან მშობლებს მისწერა, რომ არ ინერვიულონ მასზე, რადგან თავად ბედნიერია.
12. პეერაპატ სომაინჟაი, 17 წლის. სწორედ ამ ბიჭის დაბადების დღეს დაიკარგნენ ბავშვები.
შეგახსენებთ, ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამაშველო ოპერაცია გუშინ დაიწყო და მაშველებმა მღვიმიდან ოთხი ბავშვი გამოიყვანეს. როგორც მთავრობა ამტკიცებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები საავადმყოფოში რჩებიან.
11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.